უეფას პრეზიდენტმა ქართულ ფედერაციას იუბილე მიულოცა - ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში წარმატებას გისურვებთ
უეფას პრეზიდენტმა ქართულ ფედერაციას იუბილე მიულოცა - ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში წარმატებას გისურვებთ
ალექსანდერ ჩეფერინმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის სახელზე წერილი გამოაგზავნა. უეფას პრეზიდენტმა სფფ-ს თავკაცს ორგანიზაციის საიუბილეო თარიღი, დაარსებიდან 30 წლისთავი.
 
„ძვირფასო ლევან, ძვირფასო მეგობრებო, უეფა-ს სახელით ვულოცავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მასთან დაკავშირებულ ყველა პირს 30 წლის იუბილეს. მას შემდეგ, რაც სფფ 1990 წლის თებერვალში დაარსდა და მოგვიანებით უეფა-ს რიგებს შეუერთდა, ის მუდმივად მხარს უჭერს ევროპული ფეხბურთის განვითარებას. ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე საქართველო არაერთი გამორჩეული ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში“, – ვკითხულობთ ალექსანდრე ჩეფერინის წერილში.
უეფას პრეზიდენტმა საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული მნიშვნელოვანი თამაშები და ტურნირები, ასევე საქართველოში დამყარებული დასწრების რეკორდი გაიხსენა: „2015 წელს ქვეყანამ ძალზე წარმატებით უმასპინძლა უეფას სუპერთასის ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ მატჩს. ჩვენთვის ასევე შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომლითაც სფფ ყველა დონეზე ხელს უწყობს ფეხბურთის განვითარებას. 2017 წელს თქვენ წარმატებით უმასპინძლეთ უეფა-ს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, სადაც საქართველოსა და ჩეხეთს შორის შეხვედრას 25,000 გულშემატკივარი დაესწრო“.
მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველო 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძებს. ჩეფერინი წერილში ამ საკითხსაც შეეხო: „იმედი გვაქვს, ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც მასობრივ, ისე პროფესიულ დონეზე ქალთა ფეხბურთის განვითარებას. აღნიშნული ტურნირის მატჩებს ქვეყნის სამი რეგიონი უმასპინძლებს, რაც უეფა-ს დაფინანსებითა და სფფ-ის ორგანიზებით განხორციელებული პროექტების მემკვიდრეობას კიდევ უფრო ფართო მასშტაბით უზრუნველყოფს და ფინალურ ტურნირთან დაკავშირებით ქალთა ფეხბურთის პოპულარობას გაზრდის. უეფა-ს ქალთა ფეხბურთის განვითარების პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით უკვე განვითარდა საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი. ასევე მნიშვნელოვანი იყო საკლუბო ლიცენზირების პროცესის დანერგვა, რის შედეგადაც თითოეულ კლუბს მომავალში სულ ცოტა ერთი ასაკობრივი გუნდი ეყოლება“.
უეფას სლოვენიელი ხელმძღვანელი ყურადღებას მომავალი თაობების გაზრდაზეც ამახვილებს:
„ახალგაზრდულ ფეხბურთში ინვესტიციის ჩადებით სფფ უზრუნველყოფს ქართული ფეხბურთის მომავალს როგორც კაცებს, ისე ქალებს შორის. ამავდროულად, თქვენ მომავალი თაობებისთვის უზრუნველყოფთ საუკეთესო პირობებს, რათა მათ შეისწავლონ ფეხბურთი. უეფა-ს „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით სფფ-მ ააშენა საფეხბურთო აკადემია, სადაც მწვრთნელების მიერ შერჩეული 14-იდან 17-წლამდე ასაკის 100 ბავშვი უფასოდ გაივლის მომზადებას“.
ჩეფერინმა სფფ-ს მიერ მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯებიც გამოარჩია: „თქვენ ასევე გსურთ, რომ საზოგადოების ყველა წევრს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მისცეთ. საქართველო პროექტის „ფეხბურთი სკოლებში“ ერთ-ერთი პირველი მონაწილე იყო. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მასობრივი ფეხბურთის კულტურის დანერგვასა და განვითარებას. მისი მეშვეობით თქვენ გაამყარებთ თქვენს ურთიერთობებს რეგიონალურ ასოციაციებთან, მუნიციპალიტეტებთან, სკოლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რითაც საბოლოო ჯამში ფეხბურთში ჩართული ყველა ადამიანი ისარგებლებს“.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა საფეხბურთო პერსონალის განათლებისთვის გადადგმული ნაბიჯებიც მოიწონა: „ჩვენთვის სასიხარულოა ისიც, რომ სფფ დიდ ყურადღებას უთმობს განათლებას. უეფა-ს აკადემიის მეშვეობით თქვენი ფედერაციის 21 თანამშრომელს უკვე წარმატებით აქვს გავლილი ისეთი პროგრამები, როგორიცაა უეფა-ს სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში და უეფა-ს დიპლომი ფეხბურთის მენეჯმენტსა და ხელმძღვანელობაში. აღნიშნული კურსებიდან მოპოვებული ცოდნა თქვენ დაგეხმარებათ ქართულ ფეხბურთში ჩართულ პირთა გადამზადებაში, რაც აუცილებელია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის“.
ჩეფერინმა ერთა ლიგის პლეიოფში გასულ საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა: „სფფ-ის მიერ გაწეულ სამუშაოს უკვე მოჰყვა შედეგები. თქვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ჩინებულად იასპარეზა უეფა-ს ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში, სადაც მან თავისი შესარჩევი ჯგუფი მოიგო, პლეი-ოფში გავიდა და ახლა მხოლოდ ორ მატჩი აშორებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს. მსურს, წარმატება ვუსურვო სფფ-ს და მადლობა გადავუხადო თითოეულ მის თანამშრომელს მათი მუდმივი თავდადებისა და ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენს რეგიონში ფეხბურთის განვითარებასა და შემდეგი თაობებისთვის ფეხბურთის მომავლის უზრუნველყოფაზე არის მიმართული. გილოცავთ იუბილეს და წარმატებას გისურვებთ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში“.