უეფას პრეზიდენტი - ვიბრძოლებ სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგ
უეფას პრეზიდენტი - ვიბრძოლებ სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგ

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ევროპული ტოპ-კლუბებისგან სუპერლიგის შექმნის იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 11 კლუბი 2021 წლისთვის აპირებს საკუთარი სუპერლიგის შექმნას, გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ში გაჩნდა.

„ეს ფეხბურთს მთელს მსოფლიოში ზიანს მიაყენებს,“ – მოჰყავს გაზეთ Kicker-ს ჩეფერინის სიტყვები. – „თანაც, ფეხბურთი უფრო მოსაწყენი გახდება. ყოველ კვირას „იუვენტუსი“ – „ბაიერნის“ ყურება უფრო მოსაწყენი იქნება, ვიდრე, მაგალითად, „იუვენტუსისა„ და „ტორინოს“ მატჩის ხილვა. ჩემთვის ეს სრულიად ცხადია. მე ვიბრძოლებ ამ იდეის წინააღმდეგ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ ასეთი ლიგა არ შეიქმნას. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დახურულ სისტემაზე, მაშინ უნდა დავივიწყოთ იდეა ფეხბურთის სოლიდარობისა და განვითარების შესახებ. საბოლოოდ, ყველა წაგებული დარჩება”.