უეფას პრეზიდენტი - ჩემპიონთა ლიგის ფინალები მხოლოდ ტოპ-სტადიონებზე უნდა იმართებოდეს
უეფას პრეზიდენტი - ჩემპიონთა ლიგის ფინალები მხოლოდ ტოპ-სტადიონებზე უნდა იმართებოდეს

უეფას პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩები მხოლოდ დიდი ტევადობის სტადიონებზე უნდა გაიმართოს.

„ჩვენ ფინალები დიდ სტადიონებზე უნდა ჩავატაროთ, თუნდაც ასარჩევად მხოლოდ რამდენიმე ვარიანტი გვქონდეს. მადრიდში 62 ათასი ბილეთის რეალიზება შევძელით და ჯამში 980 განაცხადი იყო შემოსული. მატჩი „უემბლიზე“ რომ გამართულიყო, 30 ათასი ბილეთით მეტი გვექნებოდა.

იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი უმაღლესი დონის ღონისძიებაა, ის, სავარაუდოდ, მხოლოდ ტოპ-სტადიონებზე უნდა გაიმართოს. რაც შეეხება ევროპის ლიგასა და სხვა დანარჩენს, უნდა გავუნაწილოთ სხვებსაც, ვისაც ფეხბურთი უყვარს“, – მოჰყავს ჩეფერინის სიტყვები გაზეთ „დეილი მეილს“.

უფრო ადრე, სლოვენიელმა პრეზიდენტმა მოიწონა ევროპის ლიგის ფინალის ბაქოში ჩატარება. მისი სიტყვებით, ფეხბურთი უნდა ვითარდებოდეს ყველგან, არა მარტო დიდ ქვეყნებში.