უეფას გადაწყვეტილება უცვლელია - „დინამო“ უმაყურებლოდ ითამაშებს
უეფას გადაწყვეტილება უცვლელია - „დინამო“ უმაყურებლოდ ითამაშებს

უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის „დინამოს“ აპელაცია არ დააკმაყოფილა – საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, კლუბთან დაკავშირებით მიღებული მკაცრი გადაწყვეტილება არ შეცვალა – „ფეიენოორდს“ თბილისში, „დინამო-არენაზე“ 15 აგვისტოს უმაყურებლოდ უმასპინძლებს.

გარდა ამისა, ფინანსური სასჯელის სახით თბილისურ კლუბს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა და ვალდებულია, ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი – #equalgame.

გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის „დინამოს“ ხუთდღიანი ვადა ჰქონდა, რომლითაც კლუბმა ისარგებლა, მაგრამ უეფა-ს მიერ 13 აგვისტოს გამოტანილი ვერდიქტით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების მიზეზი ევროპის ლიგის მატჩზე აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ გულშემატკივრების სექტორში გამოფენილი ბანერი გახდა, რომელზეც, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის წევრების აზრით, ფაშისტური სიმბოლიკა იყო.

თბილისის „დინამოში“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას რადგან ბანერი, რომელიც ამდენი დავის საგანი გახდა, ფანებს აქამდეც არაერთხელ გამოუყენებიათ და ამის შესახებ უეფა-სგან „დინამოს“ შენიშვნა არ მიუღია. თბილისური კლუბის განმარტებით. ბანერზე გამოსახული „1988“ აღნიშნავს თარიღს, როცა „დინამოს“ ფანკლუბი გუნდთან ერთად საგარეო მატჩზე პირველად გაემგზავრა. უბრალოდ, „88“ ნეონაცისტური სიმბოლოს (ლათინური ანბანის ასოები – HH, ანუ Heil Hitler) მიამსგავსეს, რადგან მანამდე ციფრი „19“ პატარა შრიფტით წერია. თბილისური კლუბის გულშემატკივრებმაც საგანგებო წერილში ბანერზე ფაშისტური სიმბოლოების გამოყენება კატეგორიულად უარყვეს. მაგრამ უეფას გადაწყვეტილება მაინც არ შეუცვლია.