უეფა-მ წილისყრისა და დაჯილდოების ცერემონიები ჩაკეტა
უეფა-მ წილისყრისა და დაჯილდოების ცერემონიები ჩაკეტა

უეფამ მიიღო გადაწყვეტილება – ათენიდან ნიონში გადაიტანოს ახალი სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერზე წერია.

საბერძნეთის დედაქალაქში უნდა ჩატარებულიყო 2020-2021 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრები, აგრეთვე, 2019-2020 წლების სეზონის ლაურეატთა დაჯილდოვების ცერემონია.

„მიუხედავად კორონავირუსის წინააღმდეგ საბერძნეთის მთავრობის ეფექტური მოქმედებისა, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია და დღევანდელ პირობებში შეუძლებელია ათენში ასეთი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზება და დიდი რაოდენობით სტუმრების მიღება ისე, რომ არ დაირღვეს დახურული სივრცეებისთვის დაწესებული შეზღუდვები.

წილისყრა და დაჯილდოება უეფას შტაბბინაში დახურულ კარს მიღმა გაიმართება – კლუბებისა და პრესის წარმომადგენლების გარეშე, მაგრამ ნომინანტების დასწრებით. ცერემონია პირდაპირ ეთერში მთელს მსოფლიოში გადაიცემა“, – წერია უეფა-ს განცხადებაში.

1 ოქტომბერს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა და დაჯილდოვების ცერემონიის პირველი ნაწილი, 2 ოქტომბერს – ევროპის ლიგის წილისყრა, რის შემდეგაც დაჯილდოვება გაგრძელდება.