უეფამ დაადასტურა, რომ საკლუბო ევროტურნირებზე გუნდები მატჩებს საკუთარ სტადიონებზე გამართავენ
უეფამ დაადასტურა, რომ საკლუბო ევროტურნირებზე გუნდები მატჩებს საკუთარ სტადიონებზე გამართავენ

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს საკლუბო ევროტურნირებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩებს მასპინძელი კლუბები საკუთარ სტადიონებზე გამართავენ.

რა თქმა უნდა, იმოქმედებს სათამაშო პროტოკოლი, რომლითაც ჩამოყალიბდება კლუბებისთვის განსაზღვრული მოქმედების ჩარჩო. პროტოკოლი სანიტარულ და ჰიგიენასთან დაკავშირებულ პროცედურებს და კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირებას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია, რომ მატჩები დახურულ კარს მიღმა გაიმართება და გულშემატკივრებს მათზე დასწრების უფლება არ ექნებათ. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ გადაწყვეტილება ეროვნულ ასოციაციებთან და ხელისუფლებებთან შეთანხმებით მიიღო. აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება როგორც კაცთა, ასევე ქალთა და ახალგაზრდულ ტურნირებზე.

მატჩების განრიგი ხვალ, ნიონში, უეფას სათაო ოფისში გამართულ კენჭისყრაზე გაირკვევა.