უეფა შიმონ მარჩინიაკს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯობის უფლებას არ ჩამოართმევს #1TVSPORT
უეფა შიმონ მარჩინიაკს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯობის უფლებას არ ჩამოართმევს #1TVSPORT

პოლონელი მსაჯის, შიმონ მარჩინიაკის ირგვლივ დიდი სკანდალი ტრიალებს. ის 29 მაისს ქალაქ კატოვიცეში გამართულ მემარჯვენე პოპულისტების პოლიტიკურ შეკრებას დაესწრო, რის გამოც უეფა-მ გამოძიება დაიწყო და იყო ვარაუდი, რომ მას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯობის უფლებას ჩამოართმევდნენ.

საბოლოოდ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პოლონელ არბიტრს წლის მთავარი საკლუბო ტურნირის შეხვედრის განსჯის უფლება დაუტოვა, ხოლო თავად მარჩინიაკმა ბოდიში მოიხადა.

„მსურს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმ ზიანისთვის, რომელიც მე მას მოვუტანე ამ ღონისძიებაში მონაწილეობით. არ მქონდა ინფორმაცია, რომ ეს ექსტრემისტების შეკრება იყო. შესაბამისი ცნობის არსებობის შემთხვევაში, მიწვევაზე უარს ვიტყოდი.

ვგმობ ყოველგვარ დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენას. ამ ყველაფრის ადგილი არც სპორტშია და არც საზოგადოებაში“, – განაცხადა მარჩინიაკმა.

მარჩინიაკი უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯად 22 მაისს დაასახელა. იგი უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ არბიტრად ითვლება. გასული წლის დეკემბერში პოლონელი კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას გაუძღვა.

შეგახსენებთ, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ დაპირისპირებას სტამბული 10 ივნისს უმასპინძლებს, ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ შეხვდებიან.