უეფა-ში 19-წლამდელთა ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა - მაისურაძის გუნდი ჯგუფში ევროპის ჩემპიონ იტალიასთან ერთად მოხვდა #1TVSPORT
უეფა-ში 19-წლამდელთა ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა - მაისურაძის გუნდი ჯგუფში ევროპის ჩემპიონ იტალიასთან ერთად მოხვდა #1TVSPORT

უეფა-ში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა ჩატარდა და შვიდი ჯგუფი დაკომპლექტდა. მატჩები 2024 წლის 18-დან 26 მარტამდე გაიმართება და ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები გაირკვევა.

ელიტრაუნდში მონაწილე 28 ნაკრები, საკვალიფიკაციო რაუნდში გამოსვლიდან გამომდინარე, ოთხ კალათად დაიყო. საქართველოს ნაკრები C კალათაში იყო. წილისყრამ ვასილ მაისურაძის გუნდი მეხუთე ჯგუფში მოახვედრა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან შოტლანდია, ჩეხეთი და იტალია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია.

მინიტურნირების თარიღები და მასპინძელი ქვეყნები მოგვიანებით გაირკვევა. გამარჯვებულები შეუერთდებიან მასპინძელ ჩრდილოეთ ირლანდიას, რომელიც ფინალურ ეტაპს 15-დან 28 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ეს ტურნირი ასევე იქნება 2025 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.