უეფა-ს ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა კორონავირუსით დაავადება უარყო (ვიდეო)

გრიგორი სურკისმა უარყო ჭორები, თითქოს კორონავირუსით დაავადდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინელმა ბიზნესმენმა, ფეხბურთის ფუნქციონერმა და უკრაინის რადას დეპუტატმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის დარბაზში ვარჯიშობს და შესაბამისი წერილიც დაურთო.

„მადლობას ვუხდი ზოგიერთ მედიასაშუალების ყურადღების გამო, რომლებიც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით მოულოდნელად შეშფოთდნენ. მაგრამ აჟიოტაჟისთვის მცირედი მიზეზიც არ არსებობს. ვიმყოფები ფიტნეს-დარბაზში და ველოსიპედზე ვვარჯიშობ. ყველას იმავეს გირჩევთ. მაშინ ვერცერთი ვირუსი ვერ მოგერევათ” – ამბობს გრიგორი სურკისი.

სურკისი 1993-1998 წლებში კიევის „დინამოს“ პრეზიდენტი იყო, ხოლო ამჟამად კლუბს მისი ძმა, იგორ სურკისი ხელმძღვანელობს. თავად კი იყო უკრაინის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2012) და საპატიო პრეზიდენტი (2012 წლიდან), ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი. 2013–2019 წლებში უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, ხოლო 2019 წლიდან – უეფა-ს საპატიო წევრი. ამჟამად, უკრაინის რადას წევრია.