უეფა-ს წერილი ქართველ მწვრთნელზე - მისი მიზანი ფეხბურთში  ბავშვების მასობრივად ჩართვა იყო
უეფა-ს წერილი ქართველ მწვრთნელზე - მისი მიზანი ფეხბურთში ბავშვების მასობრივად ჩართვა იყო

დასავლეთ საქართველოში საფეხბურთო სკოლის დაარსებამ ჯესი სურმავას აღიარება მოუტანა და უეფა-მ 2020 წელს მასობრივ ფეხბურთში Grassroots-ის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადასცა. მასზე წერილი უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უეფა-მ გადაწყვიტა, ჯესი სურმავასთვის საუკეთესო მასობრივი მწვრთნელის ჯილდო მიენიჭებინა მისი ხედვისა და გადაწყვეტილებისთვის – დაფუძნებულიყო საფეხბურთო სკოლა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს პატარა ქალაქ მარტვილში.

სურმავამ თავისი ქალაქის პირველი საფეხბურთო სკოლა 2011 წელს დააფუძნა, რომლის მიზანი ბავშვების ფეხბურთში მასობრივად ჩართვა იყო. ამ ხედვის განსახორციელებლად სურმავამ მოითხოვა და მიიღო სხვადასხვა სამთავრობო გრანტები, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მარტვილის მახლობლად ტერიტორია მიიღო, რომელიც 2018 წლის იანვარში გაიხსნა.

განსაკუთრებული ყურადღება – ფეხბურთის განვითარება რეგიონში

მარტვილის ბავშვთა ფეხბურთის აკადემია ვარჯიშებს მთელს რეგიონში ატარებს, სადაც ბავშვებს შორ მანძილზე სიარული უჭირთ. მას ჰყავს 12 გუნდი, სადაც რეგიონის 300-მდე ბავშვი ვარჯიშობს, რომელთა დასახლებებშიც განვითარებული ინფრასტრუქტურა არ არის.

სკოლას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში ფეხბურთის განვითარებაში და მისი მნიშვნელობის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ ორი წლის წინ საქართველოს სპორტის სამინისტრომ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სკოლის გახსნაზე თავისი წარმომადგენლები გააგზავნეს.

აკადემიის გახსნის ცერემონიაზე სურმავამ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „დინამო თბილისთან“.

დიდი მოტივაცია მომავალი პროექტებისთვის

„მადლობა მინდა გადავუხადო უეფა-ს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია Grassroots Awards-ში. ეს ჯილდო ჩემთვის უდიდესი მოტივაცია, რომელიც სამომავლო პროექტებისკენ მიბიძგებს. ამ ჯილდოს გამოვიყენებ უფრო მეტი საქმისა და პროექტის განსახორციელებლად. ამის შემდეგ, მე უფრო მეტს შევეცდები, რომ მასობრივ ფეხბურთში სხვების მაგალითი გავხდე. ეს სკოლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების განვითარებაში. ისინი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ. ჩვენ შეგვიძლია, ასობით და ათასობით ადამიანს მივცეთ ჯანმრთელი ცხოვრების საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ჯესი სურმავა.

კობიაშვილი და ჯესი სურმავა მხარს უჭერენ უეფა-ს ინიციატივას

ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ყოფილი ვარსკვლავი, მარტვილელი მწვრთნელით ძალიან ამაყობს.

„ვისურვებდი, რომ ყველა რეგიონში ყოფილიყო ჯესის მსგავსი ხალხი. ჯესი მაგალითი გახდა მრავალი ადამიანისთვის. ამ პროექტმა უდიდესი როლი შეასრულა იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ჩვენ გაცილებით მეტი ბავშვი თამაშობს ფეხბურთს, ვიდრე ადრე“, – თქვა კობიაშვილმა.

რა არის Grassroots Awards?

უეფა-მ Grassroots Awards-ის ყოველწლიური ჯილდო 2010 წელს დააფუძნა, რათა ევროპული ფეხბურთის ზოგიერთი შეუმჩნეველი გმირი გამოერჩია.

უეფა-ს წევრი 55 ეროვნული ასოციაციიდან ყოველწლიურად სთავაზობენ კანდიდატებს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულებს ირჩევს უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი ორგანიზაციის საბიუჯეტო ბიუროს და განვითარების და ტექნიკური დახმარების კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად.