უეფა-ს პრეზიდენტი რუსეთის დისკვალიფიკაციაზე – კონფლიქტის დასრულებამდე დაბრუნება გამორიცხულია #1TVSPORT
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა ისაუბრა რუსეთის კლუბებისა და ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებიდან იზოლაციაზე, რომელიც 2022 წლიდან გრძელდება.
– უეფა-ში ზოგჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება გიწევთ. მაგალითად, როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესია დაიწყო, თქვენ რუსეთი ევროპული ტურნირებიდან გარიცხეთ. რას მოიცავს ეს პროცესი, როგორ იღებთ ასეთ გადაწყვეტილებას, არის თუ არა ის პოლიტიკის გავლენის ქვეშ თუ ეს მხოლოდ საფეხბურთო გადაწყვეტილებაა?
– როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ დაუყოვნებლივ ჩავატარეთ თათბირი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ზეწოლა არსებობს, მაგრამ არა პირდაპირი, არამედ ირიბი. თქვენ ნახეთ, რამდენად რთული სიტუაცია იყო, და ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ვფიქრობ, 55 ფედერაციიდან 45 ვერ შეძლებდა თამაშს, რადგან მთავრობები ამის უფლებას არ მისცემდნენ.
– თქვენ ამბობთ, რომ ირიბ ზეწოლას გრძნობთ. ყოფილა თუ არა თქვენზე მსგავსი სახის პირდაპირი ზეწოლა?
– არა, არა, არა. მოგვიანებით ბელარუსთან დაკავშირებით რამდენიმე წერილი მივიღეთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ… მისმინეთ, პირველ რიგში, ბოიკოტები არ მომწონს. არ მომწონს, რომ სპორტსმენები პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო ზარალდებიან.
თქვენ ფიქრობთ, რომ ფეხბურთელს შეუძლია, რამე უთხრას რუსეთის პრეზიდენტს? ეს შეუძლებელია. ასე რომ, გარკვეული თვალსაზრისით სამწუხაროა, რომ მათ, უკვე ოთხი წელია, თამაში არ შეუძლიათ, მაგრამ ახლა უბრალოდ შეუძლებელია სხვა გადაწყვეტილების მიღება.
დამიჯერეთ, სპორტსმენები სამხედრო კონფლიქტებს მხარს არ უჭერენ, ყოველ შემთხვევაში, აბსოლუტური უმრავლესობა არ უჭერს მხარს, და ისინი იტანჯებიან, მთელი თაობები იტანჯებიან.
იცით, პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ ახალგაზრდებს თამაში სჭირდებათ. მათ სიძულვილში ზრდიან. მათ ასწავლიან, რომ ევროპას ისინი სძულს. ჩვენს ბავშვებს რუსი ბავშვები არ სძულთ. ჩვენ რუს ერს არ ვძულვართ. ის, ვისაც ერი სძულს – იდიოტია.
– და მაინც, 17 წლის ფეხბურთელებსაც არ შეუძლიათ მონაწილეობა ახალგაზრდულ ტურნირებში?
– არა, ჯერ არა. და ასე იქნება, სანამ სამხედრო კონფლიქტი არ დასრულდება.