უეფა-ს მედიაოფიცერმა „საბურთალოს“ პრეზიდენტს მიმართა - დაუბრუნდი ჩვენს საყვარელ გუნდს #1TVSPORT
უეფა-ს მედიაოფიცერმა „საბურთალოს“ პრეზიდენტს მიმართა - დაუბრუნდი ჩვენს საყვარელ გუნდს #1TVSPORT

„საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განცხადა, რომ პროფესიულ ფეხბურთში ინვესტიციები შეაჩერა. ის პირველი ბიზნესმენი არაა, რომელმაც ფეხბურთში ინვესტიციაზე უარი თქვა.

ტარიელ ხეჩიკაშვილს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა, უეფა-ს მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ მიმართა, რომელიც „საბურთალოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მან „საბურთალოს“ პრეზიდენტის დამსახურებები გაიხსენა:

„რომ არა ეს ადამიანი, „საბურთალო“ 2003 წელს დაიშლებოდა; სამედიცინოს სტადიონზე (ბენდელა) კორპუსები იდგებოდა; გლდანის ოლიმპიურ ცენტრში ორი დიდი და ერთი პატარა სტადიონის ნაცვლად კორპუსები გაჩნდებოდა; ტარიელი თავისი ბიზნესიდან უხდის ხელფასს 50-მდე მწვრთნელს, ექიმს, აგრონომს, მასაჟისტს, დაცვის მუშაკს, კლუბის პერსონალს; სწორედ ტარიელის დამსახურებით 800 ბავშვი დადის საბურთალოსა და გლდანში ფეხბურთზე და ქუჩაში არ დაყიალობს“.

დღიდან დამოუკიდებლობისა, ქართული ფეხბურთი ბიზნესისთვის ტვირთი იყო და არა – შემოსავლის წყარო.

მაგრამ მაინც მოიძებნებოდნენ ბიზნესმენები, რომლებიც საქმეს ენთუიზიაზმით იწყებდნენ და მერე ჩამოშორდნენ – დავით კუპრეიშვილი და ვალერი გეგიძე (ფოთის “კოლხეთი”), ზურაბ ქიტიაშვილი (თბილისის „შევარდენი“), ტარიელ ჩაჩუა („სამტერდია”), მირიან ცხვარაძე (თსუ), ვასილ ხაჭაპურიძე (ზესტაფონის „მარგვეთი“), ნუგზარ ნავაძე (თბილისის „მერანი 91”), თემურ უგულავა („თბილისი“), ზურაბ ფოცხვერია („ამერი“), ზურაბ ხინიკაძე და ძმები ფხაკაძეები (ქუთაისის „ტორპედო“). 2015 წელს, ფეხბურთიდან „ზესტაფონის“ მეპატრონე ილია კოკაია წავიდა…

სამწუხაროდ, ამ სიაში „საბურთალოს“ პრეზიდენტიც ჩაეწერა, რომლის მონდომებითაც დამტკიცდა ქართული ფეხბურთის განვითარების პროექტი, აშენდა დიღომში ახალი სპორტული კომპლექსი, რომელიც მოედნების კატასტროფული დეფიციტის დროს ქართულ გუნდებს დიდ დახმარებას ეწევს.

რაც არანაკლებ მნიშნელოვანია, „საბურთალოს“ აღზრდილები არიან ეროვნული ნაკრებში ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრები – გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, ბაჩანა არაბული, დავით ხოჭოლავა, მამუკა კობახიძე, ლაშა დვალი, ჯიმი ტაბიძე, გიორგი ხარაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ლაზარე კუპატაძე, ნიკა მალი, გოგა ჩაბრაძე, გარკევული დრო „საბურთალოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა საბა ლობჟანიძე.