უეფა-ს ახალ ტურნირზე სამი ქართული გუნდი ითამაშებს
უეფა-ს ახალ ტურნირზე სამი ქართული გუნდი ითამაშებს

2021-2022 წლების სეზონიდან, საქართველოს გუნდები ევროპის ლიგის საგზურს პირდაპირი გზით ვეღარ მიიღებენ – ასეთი შედეგი მოჰყვება გადაწყვეტილებას, რომელიც უეფა-მ მიიღო.

საქმე ისაა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტოპ-ლიგების ზემოქმედებით, ევროპული თასების სტრუქტურა სერიოზულად შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის ფორმატი უცვლელი დარჩა, ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდით შემცირდება. რაც მთავარია, უეფა-მ მესამე ახალი ტურნირი, კონფერენციების ლიგა დააფუძნა, სადაც მეორე-მესამეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყნები მოახვედრა.

ევროთასებზე ადგილების განაწილების სქემიდან ირკვევა, რომ 2021-2022 წლების სეზონზე, უეფა-ს რეიტინგში 32-დან 50-მდე ადგილებზე მყოფი ქვეყნები ერთ გუნდს წარადგენენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო სამ გუნდს კონფერენციის თასზე, ანუ არცერთს – ევროპის ლიგაზე. საქართველო უეფა-ს მიმდინარე რეიტინგში 47-ე პოზიციაზეა, ლაივ-რეიტინგში – 44-ზე.

ანუ ჩვენი გუნდები პირდაპირი გზით ევროპა ლიგის საგზურს ვერ მიიღებენ. ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი საქართველოს ჩემპიონს ექნება, თუკი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას საწყის ან პლეიოფის ეტაპებზე გამოეთიშება.