უეფა-ს ელიტარული მსაჯების შეკრებაზე ორი ქართველი არბიტრი მიიწვიეს #1TVSPORT
ჟენევაში უეფა-ს უმაღლესი კატეგორიის მსაჯებისთვის საზაფხულო კურსი გაიმართა, რომელსაც გიორგი ყრუაშვილი და გოგა კიკაჩეიშვილი ესწრებოდნენ.
ორივე ქართველ არბიტრს უეფა-ს უმაღლესი კატეგორიის მსაჯის სტატუსი აქვს. სფფ-ის ცნობით, კურსის მონაწილეებმა ერთმანეთს გასული სეზონის საერთაშორისო მატჩებიდან მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და ახალი სეზონისთვის სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ამასთან, შემოწმდა მონაწილეთა ფიზიკური მომზადების დონე.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უეფა-ს უმაღლესი კატეგორიის მსაჯთა შეკრებაზე საქართველო ორი მსაჯით იყო წარმოდგენილი. აქამდე ეს სტატუსი მხოლოდ გიორგი ყრუაშვილს ჰქონდა, რომელსაც გასული სეზონიდან მსაჯთა პირველი კატეგორიის სიაში გოგა კიკაჩეიშვილიც შეუერთდა.
რაც მთავარია, შეკრებაზე ქართველმა მსაჯებმა წარმატებით ჩააბარეს თეორიული და ფიზიკური ტესტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი სეზონიდან ორივე კვლავ უეფა-ს უმაღლესი კატეგორიის მატჩებს მოემსახურება.