ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობისა და სფფ-ის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცელ სტატია უეფა-ს ჟურნალმა The Technician-მა გამოაქვეყნა.
ფეხბურთის განვითარების ისტორია, რომელიც წინ უძღვის საქართველოს ნაკრების წარმატებას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე
„ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლა ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო. ტურნირის დებიუტანტმა დისციპლინითა და შემართებით მოიპოვა მერვედფინალის საგზური, სადაც მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა. ჯგუფურ ეტაპზე ვილი სანიოლის გუნდმა არაერთი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივართა გულები მოიგო. საქართველოში კი ნაკრების თამაშმა ნამდვილი ეიფორია გამოიწვია.
მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების მაისურით სანიოლმა თავის კარიერაში მრავალი წარმატება იზეიმა. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ნაკრების თავკაცის როლში ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება განსაკუთრებული იყო.
„ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლამ ქართულ საზოგადოებაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, ქართველი ხალხი ერთიანობას ნატრულობდა და მან ის მთელი ტურნირის განმავლობაში მიიღო. საქართველოს ნაკრების მიერ დაწერილმა ისტორიამ უძლიერესი ეფექტი იქონია. შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე ნაჩვენები თამაშით ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს ოპტიმიზმი და უკეთესი მომავლის იმედი შესძინეს. რასაც ქართველი ხალხის თვალებში ვხედავდი, არასდროს დამავიწყდება. მხოლოდ ამისთვის ღირდა ეს გამოცდილება“, – აღნიშნა ვილი სანიოლმა.
სანიოლს მიაჩნია, რომ გერმანიაში ნაჩვენები თამაში დიდწილად ფეხბურთელების მიერ თავისუფლების შეგრძნების და შემტევი ფეხბურთის მიმართ მათი ბავშვური ენთუზიაზმის შედეგი იყო: „ჩვენ მიზნად არ გვქონდა დასახული ევროპის ჩემპიონატის მოგება. ყველამ იცოდა, რომ ეს არარეალური იყო. აქედან გამომდინარე, სოციალური და სპორტული კუთხით სხვა მწვრთნელებზე შედარებით მეტი წნეხი იყო. ჩვენი მთავარი ამბიცია გახლდათ, რომ საქართველოს ევროპული ფეხბურთის რუკაზე თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. გვსურდა, რომ ტურნირის ბოლოს ქართველ გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას ჩვენით ეამაყა. ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი. ზედმეტი წნეხის გარეშე მუშაობა ბევრად იოლია“.
სანიოლი ცდილობდა არ გადაეტვირთა მოთამაშეები რთული ტაქტიკური ინფორმაციით: „ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენ წარმოვიდგინეთ, თუ როგორი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ დაცვაში მომწიფებულად, შეტევაში კი „ბავშვურად“ უნდა ემოქმედათ. ამით ის ვიგულისხმე, რომ დაცვაში ძლიერი, ორგანიზებული, სტრუქტურულად დალაგებული და, რაც მთავარია, გუნდური თამაში იყო საჭირო. ხოლო რაც შეეხება „ბავშვურ შეტევას“, მოგეხსენებათ რომ ბავშვებს სწრაფად სურთ გოლების გატანა. სწორედ ასეთ მიდგომაზე გვსურდა აგვეგო ჩვენი თამაში, რამეთუ ის ჩვენი ფეხბურთელების ხასიათს შეესაბამებოდა“.
აღნიშნულმა მიდგომამ გაამართლა. სანიოლის გუნდს ჩემპიონატი არ მოუგია, თუმცა თავი დაამახსოვრა ყველას, ვინც გერმანიაში მისი ენერგიითა და შემართებით სავსე თამაშები იხილა. ყველასთვის, ვინც ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ჩართული იყო ქართული ფეხბურთის განვითარებაში, ევრო 2024-ზე ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაში წარმოადგენს მკაფიო ხედვის, კარგად შესრულებული სტრატეგიული გეგმისა და მონდომების შედეგს.
სფფ-ის ფეხბურთის განვითარების ამბიციური გეგმა რამდენიმე საკვანძო მიმართულებაზე იყო აგებული – კაცთა და ქალთა ფეხბურთში მოთამაშეთა მასობრიობა; ახალგაზრდულ ფეხბურთში, მასობრივ ფეხბურთსა და მწვრთნელთა განათლებაში ინვესტირება; ასევე მსხვილი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა. ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებებში ჩადებულ დროს, ძალისხმევასა და რესურსებს წარმატება მოჰყვა.
„ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მასობრივი ფეხბურთის გაძლიერება წარმოადგენდა. ესაა საფეხბურთო პირამიდის საფუძველი და ჩვენი წარმატების წინაპირობა. უეფა-ს დახმარებით ბოლო ათი წლის მანძილზე განხორციელებულმა პროექტებმა ქართული ფეხბურთის წინსვლა განაპირობა“, – განმარტავს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
ელიტურ დონეზე მოთამაშეთა ფონდის გაზრდას წინ უძღოდა ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარობის ამაღლება. 2015-2021 წლებში საქართველოში რეგისტრირებული კაცი ფეხბურთელების რაოდენობა 14,676-იდან 37,600-მდე გაიზარდა, ქალ ფეხბურთელთა რიცხვი კი გაათმაგდა. ამ სამუშაოს დიდი ნაწილი უეფა-ს მხარდაჭერით განხორციელდა.
სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა: „2015 წლიდან ჩვენ ფედერაციაში დამკვიდრებული აზროვნება შევცვალეთ და ყოველდღიური საქმიანობის დიდი ნაწილი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაზე მივმართეთ. საზოგადოებას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე მსოლოდ საერთაშორისო შეჯიბრები. ფეხბურთი ყველასთვისაა და სოციალური სარგებელი მოაქვს. შესაბამისად, გარდავქმენით არა მხოლოდ გარე კომუნიკაცია, არამედ ფედერაციის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაც. სფფ-ის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, აღმასრულებელი კომიტეტი თუ ყრილობა, ყველა ერთხმად საუბრობდა მასობრივი ფეხბურთის პრიორიტეტულობაზე, რასაც შედეგი ელიტურ დონეზეც მოყვება“.
სფფ-ის სტრატეგიის კიდევ ერთ საკვანძო ნაწილი იყო როგორც მასობრივ, ისე პროფესიულ ფეხბურთში მწვრთნელთა განვითარება. ამ მხრივ აქცენტი გაკეთდა ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი მოთამაშეებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზეც. ამის შესახებ სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ ისაუბრა: „მწვრთნელთა განათლების გარეშე ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია. ამ მხრივ ჩვენთვის ფასდაუდებელი იყო უეფა-ს მხარდაჭერა. მწვრთნელთა განათლება ჩემი საქმიანობაც არის და გატაცებაც. ამ მიმართულებით დაფიქსირებული წინსვლა ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა. ამ პროცესში გამორჩეული ადგილი უკავია ახლახანს დასრულებულ უეფას B+A ლიცენზირების კურსს, რომელიც საქართველოს ნაკრების მოქმედ და ყოფილ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, დაჩქარებული წესით ისწავლონ“.
ახლა ეროვნული ნაკრების არაერთი ყოფილი მოთამაშე სფფ-ის აკადემიაში ქართველ ფეხბურთელთა მომავალი თაობის განვითარებაშია ჩართული. უეფა-ს პროგრამა HatTrick-ის მიერ თანადაფინანსებული პროექტი 2014 წელს დაინერგა. მის ფარგლებში უკვე აშენდა ექვსი რეგიონული აკადემია, რომელიც ეროვნულ ასოციაციას, სკოლებსა და კლუბებს შორის კავშირებს ამყარებს.
„ჩვენი აკადემიების მთავარი დანიშნულებაა საფეხბურთო პირამიდის საფუძვლის გაძლიერება. აკადემიის ბავშვებმა უნდა გააძლიერონ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები და ისინი ადრეული ასაკიდან ეროვნული ნაკრებისთვის მოვამზადთ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.
რეგიონული აკადემიები 14-16 წლის ასაკის ბავშვებს ელიტურ სავარჯიშო პროგრამას სთავაზობს. გამორჩეული მოთამაშეები სფფ-ის რუსთავის ცენტრალურ აკადემიაში ხვდებიან.
დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი: „რუსთავის ტექნიკური ცენტრი HatTrick-ის საინვესტიციო კომპონენტით აშენდა. ამ პროგრამით მოზიდულ თანხებს და განხორციელებულ პროექტებს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. საქართველოში სათანადო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ხელს უშლის სფფ-ის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას. ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის საჭიროა ამგვარი ობიექტების მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენება, და სწორედ ამაში გვეხმარება უეფა-სგან HatTrick-ით მიღებული ფინანსური მხარდაჭერა. ამ თანხებით ჩვენ ასევე ვაფინანსებთ ქალთა ფეხბურთის განვითარებას, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებს და მწვრთნელთა განათლებას“.
სფფ-ის ფეხბურთის განვითარების კიდევ ერთი ინიციატივა უკავშირდება საქართველოში უეფა-ს ახალგაზრდული ტურნირების ჩატარებას. ქვეყანამ 2017 წელს 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა, 2023 წელს კი რუმინეთთან ერთად 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. დასწრების რეკორდების დამყარებასთან ერთად, საქართველომ პროგრესი მოედანზეც აჩვენა. 21-წლამდელები მეოთხედფინალში გავიდნენ. 17-წლამდე და 19-წლამდე გუნდებმა კი 2019-2020 წლებში უეფა-ს ასაკობრივი შეჯიბრების ელიტრაუნდში იასპარეზეს. მსხვილი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის ამბიცია სფფ-ის 2022-26 წლების სტრატეგიაშიცაა გაწერილი.
ოლივიე დოლია, უეფა-ს ტექნიკური განათლებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი: „საქართელოს ნაკრების გამოსვლა ევრო 2024-ზე შთამბეჭდავი იყო და პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. საქართველოს წარმატება სფფ-ის ძალისხმევის შედეგიცაა“.
სფფ-ის რეგიონულმა აკადემიებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 14-16 წლის მოთამაშეთა განვითარებას. უეფა-ს ტექნიკურმა განყოფილებამ წლების განმავლობაში შეძლო ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანა, არის დიდი მიღწევა როგორც სპორტული, ისე პირადი თვალსაზრისით. იმედია, ეს შესანიშნავი საქმე გაგრძელდება და მეტ წარმატებასა და სიხარულს მოუტანს ფეხბურთზე შეყვარებულ ქართველ ერს.
გიორგი მამარდაშვილი: „წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს ქართული ფეხბურთისთვის. ახლა დაიწყება ჩვენი აღზევება. ფეხბურთელებმა ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალი საკვალიფიკაციო ციკლის დაწყებამდე. ჩვენ ვემზადებით ახალი ტურნირისთვის და გერმანიაში მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება შემდეგი თამაშების მოგებაში. ვილი სანიოლმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა, რადგან ის შეძლო, რაც აქამდე სხვა მწვრთნელებმა ვერ მოახერხეს. ვიცი, რამხელა შრომა იქნა ჩადებული ამ საქმეში როგორც ვილის, ისე პერსონალის თითოეული წევრის მიერ. შეიძლება ეს შორიდან არ ჩანდეს, მაგრამ ახლოდან ყველა ხედავს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრით არ დავკმაყოფილდებით – არც მე, არც ნაკრების სხვა ფეხბურთელები და არც სანიოლი. ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას და ქართველი ხალხისთვის ბედნიერების მოტანას“.
გიორგი მიქაუტაძე: „ჩემთვის დიდი პატივი იყო ევრო 2024-ზე მონაწილეობა. ყველამ იცის რამდენად საამაყოა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის და გულშემატკივრისთვის ნაკრების მაისურის ჩაცმა. ახლა უფრო მაღალი მოლოდინებია. ჩვენგან ყველა გამარჯვებას ელის, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველი ხალხი ისევე გავახაროთ. ნაკრებში მოსვლამდე ვილის ვესაუბრე, თუმცა საქართველოს მაისურით თამაშის გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. მას შემდეგ, რაც მწვრთნელის ხედვას გავეცანი, კიდევ უფრო მომინდა ამ გუნდში თამაში. ის მუდამ გვიზიარებს თავის გამოცდილებას. ყველამ ვიცით, რომ ვილი დიდებული ფეხბურთელი იყო, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე აქვს ნათამაშები. იცის, რა არის საჭირო ელიტურ დონეზე წარმატების მისაღწევად, და ყოველთვის ცდილობს, ეს ცოდნა ყველა მოთამაშეს გაუზიაროს“.