უეფა-ს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში - ვცდილობთ, ინფრასტრუქტურის ტესტირება დაგეგმილზე ადრე დავიწყოთ #1TVSPORT
უეფა-ს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში - ვცდილობთ, ინფრასტრუქტურის ტესტირება დაგეგმილზე ადრე დავიწყოთ #1TVSPORT

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით უეფა-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი ქვეყნის მზადებასა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

უეფა-ს წარმომადგენლები, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ქუთაისის რამაზ შენგელიასა და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონებზე იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ბოლოს სტუმრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს შეხვდნენ. უეფა-ს წარმომადგენელთა მომდევნო ვიზიტი საქართველოში მარტში შედგება.

„უეფა-ს ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია ყოველკვირეულად ონლაინ რეჟიმში გვაქვს. მიმდინარე სამუშაოებზე სრული ინფორმაცია ყველა რგოლს დაწვრილებით მიეწოდება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ აქტუალური საკითხები დროულად მოვაგვაროთ და ინფრასტრუქტურის ტესტირება დაგეგმილზე გაცილებით ადრე დავიწყოთ. უეფა-ს წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია, მოგვცენ რეკომენდაცია და რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ სამუშაოების დასრულება“, – ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე.

საქართველო, რუმინეთთან ერთად, 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს სამი ქალაქის ოთხ სტადიონზე ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის თამაშებს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებს. ფინალი 8 ივლისს, ბათუმის სტადიონზე გაიმართება.