უეფა-ს ახალი სისტემა ქალთა ნაკრებებისთვის - ეს რეფორმა დაეხმარება ეროვნულ ასოციაციებს, ითამაშონ დიდ ტურნირებზე #1TVSPORT
უეფა-ს ახალი სისტემა ქალთა ნაკრებებისთვის - ეს რეფორმა დაეხმარება ეროვნულ ასოციაციებს, ითამაშონ დიდ ტურნირებზე #1TVSPORT

უეფა-მ ქალთა ფეხბურთში სიახლეები დააანონსა, რომლის შედეგადაც, ერთა ლიგა და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული, ხოლო ეროვნული ნაკრებები მეტ ოფიციალურ მატჩებს ჩაატარებენ. ქალთა ფეხბურთის სტრატეგიისა და შეჯიბრებების რეფორმირების მიზნით, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო შეჯიბრების ახალი სისტემა ქალთა ნაკრებებისთვის, რომელიც გავლენას მოახდენს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე.

რეფორმები განხორციელდა უეფა-ს ქალთა ფეხბურთის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა ეროვნული ასოციაციების წარმომადგენლები.

ფორმატი

ახალი ფორმატი პირველად ქალთა ევრო 2025-მდე იქნება გამოყენებული. 2023 წლის შემოდგომიდან, ახალი საერთაშორისო შეჯიბრების სისტემა უეფა-ს ერთა ლიგას ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირთან გააერთიანებს. იგი მოიცავს დივიზიონებს შორის გადასვლის პრინციპს (დაწინაურებითა და დაქვეითებით) და ერთა ლიგის ფინალური ტურნირის ჩატარებას. ორივე ტურნირის ჯგუფურ ეტაპს პლეი ოფები დაასრულებს. ახალი ფორმატი ეროვნულ ასოციაციებს სამ დონედ დაყოფს. თითოეულ მათგანში ეროვნული გუნდები დაიყოფიან ოთხ (ან სამ) გუნდიან ჯგუფებად, სადაც თითოეულ მეტოქეს შინ და სტუმრად დაუპირისპირდებიან.

ერთა ლიგა

ერთა ლიგის დასრულების შემდეგ ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდება და ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპიური თამაშების საგზურს სამი ევროპული ნაკრები მიიღებს. ერთა ლიგის საბოლოო რეიტინგი (ავტომატური დაწინაურებით და დაქვეითებით) ევროპულ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდების სასტარტო პოზიციას განსაზღვრავს.

ევროპის შესარჩევი

ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის დასასრულს შედგება საბოლოო რეიტინგი, რომელიც განსაზღვრავს რომელი გუნდი გავა პირდაპირ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე და ვინ მოხვდება ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში. გარდა ამისა, ეს რეიტინგი განსაზღვრავს, გუნდები მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე რომელ ლიგაში ითამაშებენ.

განახლებული ფორმატი არის ურთიერთდაკავშირებული და მიზნად ისახავს შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო, უფრო დიდი სპორტული და კომერციული ინტერესით. ის ყველა ეროვნულ ასოციაციას აძლევს შანსს, ისევე როგორც ეს მოხდა კაცების ტურნირებზე, ქალთა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს.

ახალი ფორმატის დანერგვაზე კომენტარი უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა გააკეთა.

„დადგა დრო, ქალთა ფეხბურთი, ეროვნული ნაკრებების დონეზე, კიდევ უფრო განვავითაროთ. ჩვენ შევქმენით ღია, კონკურენტუნარიანი და უწყვეტი სისტემა, რომელშიც ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფორმატი დაეხმარება ევროპის ყველა ეროვნულ ასოციაციას, დიდ საერთაშორისო ტურნირზე თამაშის ოცნება აისრულონ” – აცხადებს ალექსანდრ ჩეფერინი.