უეფა მაყურებლის დასწრებაზე ლიმიტს აუქმებს, ევრო 2020-ზე კი ხუთი შეცვლა დაუშვეს #1TVSPORT
უეფა მაყურებლის დასწრებაზე ლიმიტს აუქმებს, ევრო 2020-ზე კი ხუთი შეცვლა დაუშვეს #1TVSPORT

უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა 2020 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილებას გადახედა და ტრიბუნაზე მაყურებლის დასწრებაზე ლიმიტი გააუქმა, – ინფორმაციას ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მატჩებზე მაყურებლის დაშვება შეიძლებოდა სტადიონის ტევადობის მაქსიმუმ 30% -ზე.

„ვინაიდან უეფა-ს 55 ეროვნულ ასოციაციაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაყურებელთა რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მხოლოდ შესაბამისმა ადგილობრივმა ან  ეროვნულმა ორგანოებმა. შესაბამისად, მოიხსნება უეფა-ს შეზღუდვა სტადიონის მაქსიმუმ 30%- ით შევსებაზე“ – წერია აღმასკომის გადაწყვეტილებაში.

ამავე დროს, უეფა-ში აცხადებენ, რომ სურთ მიიღონ გონივრული და პასუხისმგებლობით სავსე ზომები, რათა შეამცირდეს კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები და გაითვალისწინონ არსებული სატრანსპორტო შეზღუდვები: „ამიტომ, აღმასრულებელმა კომიტეტის წევრებმა საფეხბურთო ევროპას შესთავაზეს ძალაში დარჩეს 2020 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც გულშემატკივრებს უკრძალავს გამგზავრებას უეფა-ს ტურნირების გასვლით მატჩებზე, მათ შორის, ფინალურ სტადიამდე, მაგრამ არა 2021 წლის მაისში დანიშნულ ფინალებზე“.

ექსპერტების აზრით, ეს გადაწყვეტილება მოახლოებულ ევრო2020-ს უკავშირდება – უეფას არ სურს დაკარგოს შემოსავლები, რადგან პანდემიის გამო 2020 წელს ორგანიზაციის შემოსავლები შემცირდა.

უეფა-მ ასევე დაუშვა ეროვნულ ნაკრებებში ხუთი ცვლილების უფლება ევრო 2020-სა და ერთა ლიგის ფინალურ მატჩებში. თავდაპირველად, ეს წესი შემოიღეს კორონავირუსის პანდემიისა და ჩემპიონატებში ხანგრძლივი შესვენებების გამო. ხუთი შეცვლა უკვე მოქმედებს საკლუბო დონეზე, მათ შორის ევროპული ქვეყნების არაერთ ეროვნულ ჩემპიონატში. კერძოდ, ეროვნულ ლიგაში ამ წესს მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან იყენებენ.