უეფა-მ, შესაძლოა, სამშაბათს ისრაელი ყველა ევროპულ ტურნირს ჩამოაშოროს #1TVSPORT
ისრაელის საფეხბურთო და სპორტულ წრეებში იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სამშაბათს, 23 სექტემბერს უეფა თავის მორიგ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ევროპული საფეხბურთო ტურნირებიდან ისრაელის ჩამოშორების შესახებ. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ინტერნეტგამოცემა Israelhayom-ი.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის იმ 20 ქვეყნიდან, რომლებსაც ხმის უფლება გააჩნიათ, უმრავლესობა ისრაელის გარიცხვას უჭერს მხარს, მხოლოდ ორი ან სამი ქვეყანაა წინააღმდეგი.
აღნიშნავენ, რომ ისრაელის საფეხბურთო ასოციაცია (IFA) დიდი ძალისხმევით ცდილობს, არ დაუშვას დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანა. ისრელის მთავრობა აცნობიერებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ხმის მიცემამდე მივა, ევროპულ ფეხბურთში ადგილობრივი გუნდების გამოსვლა შეწყდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. ეს შეეხება როგორც კლუბებს, ასევე ნაკრებებს.
2025 წლის მაისში პალესტინის საფეხბურთო ასოციაციამ მიმართა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა), დააჩქაროს ისრაელის საკითხის განხილვა. უფრო ადრე ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მოითხოვა ისრაელის გუნდების ჩამოშორება საერთაშორისო ტურნირებიდან.
2025 წლის მარტში ისრაელმა განაახლა საომარი მოქმედებები ღაზას სექტორში, რითიც დაარღვია 2025 წლის იანვარში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.