უეფა-მ „საბურთალოს“ შეხვედრაზე მსაჯი შეცვალა - მატჩს შვეიცარიელები განსჯიან
უეფა-მ „საბურთალოს“ შეხვედრაზე მსაჯი შეცვალა - მატჩს შვეიცარიელები განსჯიან

იშვიათი ამბავი შეემთხვა „საბურთალოს“ – ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ „აპოლონთან“ თბილისური კლუბის შეხვედრამდე უეფა-მ მთავარი არბიტრი შეცვალა – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „პილნიუსი“ ავრცელებს.

უეფა-მ კვიპროსულ-ქართულ შეხვედრაზე თავიდან ნორვეგიელი მსაჯები მიავლინა – მთავარი არბიტრი სიგურდ კრინგსტადი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ოსკარ ისაკსენი და ისააკ ბაშევკინი დაეხმარებოდნენ. მეოთხე არბიტრის ფუნქციას კი ტომ ჰაგენი შეასრულებდა. რაც შეეხება დელეგატს – დანიელი კრისტიან კოფოდი დაინიშნა.

მაგრამ უეფა-მ გადაწყვეტილება შეცვალა და მთავარ მსაჯად შვეიცარიელი ადრიან ჯაკოტე მიავლინა, რომელსაც მისი თანამემამულეები დაეხმარებიან – ვიტალია ჟობენი და პასკალ ჰირზელი. მეოთხე არბიტრად კვიპროსელი იოანის ანასტასიუ იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ „აპოლონისა“ და „საბურთალოს“ მატჩი 27 აგვისტოს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში „ჯი ეს პი” სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.