უეფა-მ ქართველი მსაჯები ევროპალიგის მატჩებზე დანიშნა #1TVSPORT
უეფა-მ ქართველ მსაჯებს ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ევროტურნირების შეხვედრებზე დანიშნა. ორივე მატჩი 5 ნოემბერს, ევროპალიგის ფარგლებში გაიმართება.
გოგა კიკაჩეიშვილი ნიდერლანდური „ნაიმეგენისა“ და კვიპროსული „ომონიის“ დაპირისპირებას განსჯის. მისი ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იქნებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქციას ბაქარ ბრეგაძე შეასრულებს, ხოლო ვიდეოასისტენტი მსაჯი (VAR) ალეკო აფციაური იქნება. მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
გიორგი ყრუაშვილი ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმისა“ და სლოვენიური „ცელიეს“ შეხვედრას განსჯის. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე იქნება, ხოლო ვიდეოასისტენტი მსაჯი (VAR) – კობა რევაზაშვილი.
გრაცში მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ტრავმების გამო შეხვედრაში ორივე ქართველი ნახევარმცველის მონაწილეობა საეჭვოა.