უეფა-მ ხისტი რეაქცია გამოხატა ევროპის სუპერლიგის პროექტის შესაძლო აღდგენაზე #1TVSPORT
უეფა-მ ხისტი რეაქცია გამოხატა ევროპის სუპერლიგის პროექტის შესაძლო აღდგენაზე #1TVSPORT

უეფა მკაცრი და ხისტი პოზიციით გამოვიდა კომერციულ ჯგუფთან მიმართებაში, რომელიც ევროპის სუპერლიგის განახლებული პროექტის პოპულარიზაციას ეწევა. BBC Sport-ის ინფორმაციით, უეფა-მ განაცხადა, რომ „მთელი ევროპული ფეხბურთი ამ ხარბი გეგმის წინააღმდეგ გამოდის“.

A22 Sports Management, რომელიც შესაძლოა, „რეალის“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ სახელით მოქმედებდა, ნიონში უეფა-ს ოფისს ეწვია. დელეგაციამ, რომელიც სამი ადამიანისგან შედგებოდა, უეფა-ს წარმომადგენლებთან 2.5-საათიანი შეხვედრის შემდეგ მწვავე პასუხი მიიღო.

უეფა-მ უკმაყოფილება მას შემდეგ გამოხატა, რაც არ მოეწონა A22-ის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც წერია უეფა-ს პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინთან და „სხვა ხელმძღვანელთა დიდ ჯგუფთან“ შეხვედრის შესახებ.

„A22 Sports Management-მა გამოაქვეყნა ანგარიში უეფა-ს ოფისში ვიზიტზე. ახლა უეფა ამოწმებს ჩანაწერს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი სწორედ ამ შეხვედრაზე ლაპარაკობენ. თუ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე „დასკვნა“ არსებობს, ეს ის არის, რომ მთელი ევროპული ფეხბურთი ამ ხარბი გეგმის წინააღმდეგ გამოდის.

A22-ს დიალოგი სურდა და ამიტომაც მივეცით ორსაათნახევარი დრო ყველა დაინტერესებულ მხარეს. და თითოეულმა მათგანმა უარყო მათი მიდგომა. როცა მათ ასეთი შანსი მიეცათ, აღმოჩნდა, რომ არაფერი ჰქონდათ სათქმელი“, – წერია უეფა-ს პრესრელიზში.

თუმცა, A22 Sports Management-ს კვლავინდებურად მიაჩნია, რომ უეფა-ს არ გააჩნია ევროპული ფეხბურთის მართვის ავტომატური უფლება. ამასთან, მათმა წარმომადგენლებმა უარი თქვეს გაემჟღავნებინათ შესაძლო პროექტის დეტალები.