უეფა-მ ფინანსური რეგულაციების დარღვევის გამო, შესაძლოა, ლონდონის „ჩელსი“ ტურნირებს ჩამოაშოროს #1TVSPORT
ფინანსური რეგულაციების დარღვევის გამო უეფა-მ, შესაძლოა, ლონდონის „ჩელსი“ საკუთარი შეჯიბრებებიდან დროებით მოკვეთოს, – ინფორმაციას „ტაიმსის“ ჟურნალისტი მარტინ ზიგლერი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში „ჩელსი“ მამაკაცთა გუნდში ტრანსფერებზე დიდ თანხას ხარჯავდა, უეფა-ს ფინანსურ ფეარ პლეის წესებს არ არღვევდა, რადგან კლუბის მფლობელმა სტადიონის სასტუმროები და ქალთა გუნდი გაყიდა, რითიც შემოსავლის სახით 200 მილიონი ფუნტი მიიღო. ამით ხელმძღვანელებმა 2022/23 წლის სეზონში ზარალი შეამცირეს და გასულ წელს მოგებაშიც კი გავიდნენ.
უეფა კლუბებს ავალდებულებს, დანახარჯმა შემოსავალს არ გადააჭარბოს და „ჩელსი“ ბალანსის დაცვას აღნიშნული გზით შეეცადა, რაც, შეიძლება, წესების დარღვევად ჩაეთვალოს და სასჯელი მიიღოს. კანონმდებლობის მიხედვით, უეფა ქონების გაყიდვას კლუბს შემოსავლად არ უთვლის ინგლისის პრემიერლიგისგან განსხვავებით. შესაბამისად, ამჟამად „ჩელსი“ დახანარჯით შემოსავალს 80 მილიონი ფუნტით აჭარბებს.
საკითხთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება უახლოესი კვირების მანძილზე გახდება ცნობილი. ამ მომენტისთვის „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის იბრძვის.