უეფა-მ „ფინალისიმას“ მასპინძელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო #1TVSPORT

17:15, 05.03.2026

ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ჩატარდება თუ არა და სად გაიმართება „ფინალისიმა“ ესპანეთისა და არგენტინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის. უეფა-მ გადაწყვეტილების გამოცხადება მომავალ კვირამდე გადადო, რადგან კვლავ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა კატარი შეხვედრის მასპინძლობას.

თავდაპირველად ევროპის ჩემპიონს, ესპანეთსა და კოპა ამერიკის მოქმედ გამარჯვებულს, არგენტინას შორის მატჩი 27 მარტს დოჰაში, ლუსაილის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო.

კატარში შეხვედრის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ ყველა ტურნირი გაურკვეველი ვადით შეაჩერა. გადაწყვეტილება რეგიონში დაძაბული ვითარების გამო მიიღეს – აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული შეტევებისა და ამის შემდეგ არაბეთის ნახევარკუნძულის მიმართულებით გაშვებული საპასუხო რაკეტების ფონზე.

„როიტერის“ ინფორმაციით, კატარი ცდილობს, მატჩი მაინც დოჰაში ჩატარდეს, რადგან ღონისძიების ორგანიზებაში უკვე მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი აქვს ჩადებული.

ბოლო „ფინალისიმა“ 2022 წელს ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე გაიმართა, სადაც არგენტინამ იტალია დაამარცხა.

მსგავსი