უეფა-მ ევრო 2024-ის ლოგო და დევიზი წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
უეფა-მ ევრო 2024-ის ლოგო და დევიზი წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT

ბერლინში „ოლიმპიაშტადიონზე“ წარმოადგინეს ევრო 2024-ის ლოგო. ევროპის ჩემპიონატი სამი წლის შემდეგ გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება.

ლოგოს შექმნას საფუძვლად დაედო უეფას 55 წევრი ქვეყნის ფერები და დროშები. ისინი სხვადასხვა კომბინაციით არიან გაერთიანებულნი და „ოლიმპიაშტადიონის“ სახურავის ფორმა აქვთ მიღებული. ემბლემის ცენტრში მოთავსებულია ანრი დელონეს თასი, ხოლო მის გარშემო 24 ფერადი ხაზი ფინალური ტურნირის 24 მონაწილეს აღნიშნავს.

ტურნირის დევიზია – „ფეხბურთით გაერთიანებულნი. ერთად ევროპის გულში“. ეს ლოზუნგი ერთობისა და ინკლუზიურობის იდეას აერთიანებს.

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი, გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რაინერ კოხი, ტურნირის დირექტორი ფილიპ ლამი… შოუს ფარგლებში სტადიონი ევრო 2024-ის ფერებში განათდა და მისი კულმინაცია გახდა ტურნირის ლოგოს წარმოდგენა,

ევრო 2024 ივნისსა და ივლისში გაიმართება. თამაშების ჩატარების ზუსტი თარიღები 2022 წლის დასაწყისში დამტკიცდება.