უეფა-მ 2020/2021 წლების ევროთასებისთვის რეგლამენტი შეადგინა - ტექნიკურ წაგებას მიიღებს გუნდი, რომელიც თამაშის ორგანიზებას ვერ შეძლებს
უეფა-მ 2020/2021 წლების ევროთასებისთვის რეგლამენტი შეადგინა - ტექნიკურ წაგებას მიიღებს გუნდი, რომელიც თამაშის ორგანიზებას ვერ შეძლებს

უეფა-მ მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის რეგლამენტი გამოაქვეყნა. მასში ჩამოთვლილია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და რეკომენდაციები.

კლუბები ვალდებულნი იქნებიან, წილისყრამდე ორი დღით ადრე აცნობონ უეფა-ს იმ შეზღუდვებისა და ცვლილებების შესახებ, რომელიც ადგილობრივ მთავრობებს აქვთ დაწესებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია არ იქნება წარმოდგენილი, უეფა საკუთარი წესებით იხელმძღვანელებს – თუ გუნდი მოედანზე ვერ გავა, მას ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან.

გარდა ამისა, თუ მთავრობის მიერ ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულია შეზღუდვები, მასპინძელი გუნდი ვალდებულია, წარმოადგინოს ნეიტრალურ მოედანზე მატჩის ჩატარების ალტერნატიული ვარიანტი. თუ ეს არ მოხდება, გუნდი ტექნიკურ წაგებას მიიღებს.

თუ უეფა გადაწყვეტს, რომ მთავრობის შეზღუდვების შესახებ კლუბის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არაზუსტი ან არასაკმარისია, თამაშის ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას თავადვე იღებს. თუ რომელიღაც გუნდი უარს აცხადებს თამაშზე, ის ტექნიკურ წაგებას მიიღებს.

ასევე, კლუბებს მატჩების წინ ჩაუტარდება ტესტირება. დადებითი ტესტების შემთხვევაში, უეფა ეყრდნობა ადგილობრივ მთავრობას. თუ გუნდში ძირითადი განაცხადიდან 13 ფეხბურთელი გროვდება, ხოლო ადგილობრივი მთავრობა მათ თამაშის ნებას რთავს, გუნდი ვალდებულია მოედანზე გავიდეს.

თუ ასე არ მოხდა, უეფა-მ შესაძლოა გადაიტანოს მატჩი ყოველი ეტაპისთვის დადგენილი დედლაინის გათვალისწინებით, მაგრამ თუ მატჩის ორგანიზება ამ ვადებშიც არ ხერხდება, გუნდს ტექნიკური წაგება ეთვლება.

ყველა ეს გადაწყვეტილება მიღებულია უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე, – წერს ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.