უეფა ჯანი ინფანტინოსთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას აპირებს #1TVSPORT
ბრიტანული გაზეთის, The Telegraph-ის ინფორმაციით, უეფა აპირებს, უნდობლობა გამოუცხადოს ფიფა-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს, თუ ის თანამდებობიდან არ გადადგება.
უეფა-ს სერიოზულად აქვს განზრახული ინფანტინოს ფიფა-ს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება. უეფა-ს წევრი 55 ქვეყანა უნდობლობის ვოტუმის გამოტანის გზით კენჭს უყრის შვეიცარიელის გადადგომას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინფანტინო უარს იტყვის პოსტის საკუთარი სურვილით დატოვებაზე. უეფა-ს შეუძლია ამგვარი ვოტუმის ინიცირება, თუ 43 საჭირო ხმას მოაგროვებს.
წყაროს ცნობით, უეფა-ს ასევე აქვს ინფანტინოს დისკრედიტირების გეგმა. ფიფა-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ პროექტი, რომელიც თავად ინფანტინომ შეიმუშავა. ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტის ზეპ ბლატერის კორუფციული სკანდალის დროს ინფანტინომ შეიმუშავა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან უეფა-ს გამოყოფისა და ალტერნატიული მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაციის შექმნის (ინფანტინო უეფა-ში 2016 წლამდე მუშაობდა) პროექტი. მაშინ ეს გეგმა ოფიციალურად აღარ წარმოუდგენიათ, მაგრამ ახლა უეფა განიხილავს მსგავსი ზომების გამოყენების შესაძლებლობას თავად ინფანტინოს წინააღმდეგ.