უეფა ინფანტინოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას განიხილავს #1TVSPORT
უეფა განიხილავს ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ შვეიცარიაში სისხლის სამართლის საჩივრის შეტანის შესაძლებლობას. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.
ლაპარაკია FIFA Forward Enterprise-ის შექმნის გეგმაზე – პროექტზე, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის მსოფლიო ჩემპიონატისა და ფიფა-ს სხვა ტურნირების კომერციული და ოპერაციული უფლებების მუდმივი წილის მიყიდვას ითვალისწინებდა. კრიტიკის შემდეგ, ინფანტინომ ამ იდეაზე უარი თქვა.
უეფა მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მეშვეობით ცდილობს მოიპოვოს დოკუმენტები და ჩვენებები საინვესტიციო კომპანია Thrive Capital Management-ისა და მისი დამფუძნებლისგან ჯოშუა კუშნერისგან. უეფას ვერსიით, ისინი, შესაძლოა, ფლობდნენ ინფორმაციას სავარაუდო გარიგების შესახებ.
ფიფა-ს ამერიკული შვილობილი სტრუქტურები – FIFA (Americas) Inc. და FWC2026 US Inc. პროცესში ჩარევას ცდილობენ. უეფა სასამართლოს სთხოვს უარყოს ეს შუამდგომლობა და ამტკიცებს, რომ კომპანიები, ფაქტობრივად, ფიფა-სა და ინფანტინოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
ამ მომენტისთვის, ინფანტინოსთვის არანაირი სამართალდარღვევის ბრალდება არ წაუყენებიათ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი უარყოფს თავისი მხრიდან უკანონო ქმედებას. ამ დღეებში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2027 წელს მიიღებს მონაწილეობას ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებში.