უეფა ფიფას ბოიკოტით ემუქრება
უეფა ფიფას ბოიკოტით ემუქრება

უეფას ცხრა წარმომადგენელი ფიფას საბჭოს სხდომის ბოიკოტირებას გეგმავს, თუ ჯანი ინფანტინო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გაფართოვებისა და კლუბებისთვის ახალი, „ერთა ლიგის“ ტიპის ტურნირის შექმნის საკითხს დააყენებს კენჭისყრაზე.

ხუთშაბათს საღამოს ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსა და მსოფლიოს ექვსი კონტინენტური კონფედერაციის წარმომადგენელთა კიდევ ერთი მოლაპარაკების მცდელობა დასრულდა წარუმატებლად და ახლა, რუანდის დედაქალაქ კიგალიში დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა სკანდალით დასრულდეს.

უეფაში აცხადებენ, რომ აქციონერებთან საკმარისი რაოდენობის კონსულტაციები არ გამართულა და ფიფას პროექტების ფინანსური მხარე ბუნდოვანია. ამასთან დაკავშირებით, ინფანტინო აცხადებს, რომ ფინანსური მხარე მისთვის ნათელია და ორგანიზაციას, მომდევნო 12 წლის განმავლობაში, გარანტირებული 25 მილიარდი ამერიკული დოლარი აქვს, თუმცა დამფინანსებლებთან მოლაპარაკება მათი ვინაობის გამჟღავნებას არ ითვალისწინებს.

მედიაში ვარაუდობენ, რომ დამფინანსებლებს შორის არიან ჩინელი, ამერიკელი და საუდის არაბეთის ინვესტორები, რომლებიც იაპონური „სოფტბანკის“ საშუალებით ოპერირებენ.

ამ ინფორმაციას ფიფა და სოფტბანკი არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.