უეფა და კონკაკაფ-ი 96-გუნდიანი გაერთიანებული ერთა ლიგის შექმნას განიხილავენ #1TVSPORT

23:51, 21.08.2026

ორმა საფეხბურთო კონფედერაციამ – უეფა-მ და კონკაკაფ-მა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (ფიფა) და მისი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საწინააღმდეგოდ ერთა ლიგის გაერთიანებული ტურნირის შემუშავება დაიწყეს.

როგორც გაზეთი The Guardian-ი წერს, ახალ ტურნირში უეფა-სა და კონკაკაფ-ის 96-ივე წევრი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ იგეგმება, მისი სტარტი კი, შესაძლოა, უკვე ევრო 2028-ის დასრულების შემდეგ შედგეს. თუმცა ამ ეტაპზე პროექტის განხილვა ჯერ ადრეულ სტადიაზეა.

პროექტის თანახმად, ჯგუფური ეტაპი უნდა ჩატარდეს შემოდგომის სანაკრებო პაუზების დროს, პლეიოფი და საკვალიფიკაციო პლეიოფის მატჩები – მარტში, ხოლო „ოთხთა ფინალი“ – ივნისში. აღნიშნავენ, რომ ტურნირის ერთობლივად ორგანიზებისთვის საჭირო მექანიზმები უკვე არსებობს, რადგან კონკაკაფ-ში უეფა-ს ერთა ლიგის მსგავსი ტურნირი ტარდება.

ვარაუდობენ, რომ ახალი ტურნირი უკვე არსებულ საერთაშორისო მატჩებს ჩაანაცვლებს, ხოლო თამაშები გეოგრაფიული ბლოკების მიხედვით ჩატარდება, რათა შორეული ფრენების რაოდენობა შემცირდეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მომავალში ახალ ტურნირთან შეერთებას არ გამორიცხავს აზიის ფეხბურთის კონფედერაცია.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მატჩები უკვე შეთანხმებული საერთაშორისო პაუზების ფარგლებშია დაგეგმილი, ჯერჯერობით გაურკვეველია, იქნება თუ არა საჭირო ახალი ტურნირის ფიფა-ს მხრიდან რატიფიცირება. ამასთან, პოტენციური შემოსავლების დიდი ნაწილი გაერთიანდება, რაც მცირე ქვეყნებს მნიშვნელოვან დამატებით შემოსავალს მოუტანს.

მსგავსი