უეფა 2024 წლისთვის ჩემპიონთა ლიგის ტრანსფორმირებას გეგმავს
უეფა 2024 წლისთვის ჩემპიონთა ლიგის ტრანსფორმირებას გეგმავს

უეფა განიხილავს ახალ ფორმატს ჩემპიონთა ლიგისთვის. იმის ფონზე, რომ ვრცელდება ჭორები ევროპის სუპერლიგის შექმნაზე, უეფა მზად არის შესთავაზოს ტოპ-კლუბებს გადახედონ მთავარი ევროტურნირის სტრუქტურას.

ესპანური გაზეთის AS-ის ინფორმაციით, უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) ხუთ გუნდთან – „რეალთან“, „იუვენტუსთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ფენერბაჰჩესთან“. ჩეფერინი ემზადება იმისთვის, რომ მსხვილ ევროპულ კლუბებს ახალ ტურნირში უფრო მნიშვნელოვანი როლი შესთავაზოს, რომელიც მათ დააკმაყოფილებდათ. ჩემპიონთა ლიგის დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას ახალი კომპანია, რომელშიც წილი ექნება უეფასაც და მონაწილე კლუბებსაც.

ამჟამად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს თავდაპირველ ცხრაწლიან პროექტზე, რომელიც 2024 წელს უნდა დაიწყოს. თუ მხარეები მოახერხებენ სწრაფად მოლაპარაკებას, ახალმა ტურნირმა, შესაძლოა, 2023 წელს, ან სულაც 2022 წელს აიღოს სტარტი. ჭორების მიხედვით, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ უკვე აღუთქვა ჩეფერინს მხარდაჭერა.

ირკვევა, რომ ახალი ტურნირი გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს და ეს იქნება ეროვნული ტურნირები. ევროპის ტოპ-ლიგებში გუნდების რიცხვი შეიძლება 16-მდე შემცირდეს, თასის გათამაშებები კი ოთხ-ხუთ რაუნდამდე შემცირდება.