უცნაური ლოგიკა - ტოპ ლიგაში გადასული კვარაცხელია „ჩემპიონატმა“ სეზონის იმედგაცრუებად გამოაცხადა #1TVSPORT
უცნაური ლოგიკა - ტოპ ლიგაში გადასული კვარაცხელია „ჩემპიონატმა“ სეზონის იმედგაცრუებად გამოაცხადა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებსა და რუსეთის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩა და იტალიურმა გრანდმა, ჩემპიონთა ლიგაზე გასულმა „ნაპოლიმ“ კონტრაქტი გაუფორმა, მალე კი მედიას და გულშემატკივარს წარუდგენს.

ამ აშკარა ფაქტის მიუხედავად, რუსული მედიის ნაწილი („ჩემპიონატი“, „მოსკოვსკი კომსომოლეცი“) ევროპის ტოპ-ლიგაში გადასულ ქართველს რუსეთის ჩემპიონატის წლის იმედგაცრუებად აცხადებს – ცხადია, იმიტომ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა რუსეთში დარჩენა არ ისურვა.

მაგალითად, გამოცემა „ჩემპიონატი“ 21 წლის ქართველ ფეხბურთელზე გულშემატკივარს ისევ ძველ ტყუილს ახვევს თავს, თითქოს, კარგი გასული სეზონის შემდეგ 2021 წლის ზაფხულში კვარაცხელიას ევროპაში არავინ იწვევდა. ანუ მათი ლოგიკით, იტალიური გრანდი ქართველით 2021/22 წლების სეზონის ბევრად უარესად ჩატარების შემდეგ დაინტერესდა.

„ხვიჩა კვარაცხელია, „რუბინის“ თავდამსხმელი კიდევ ერთი ტრანსფორმაციაა მინუს ნიშნით, მაგრამ უფრო გასაგები მიზეზებით. გასულ სეზონში ხვიჩამ „რუბინი“ ათრია და 23 მატჩში 4 გოლს 4 ასისტი დაუმატა. კვარაცხელია ევროპისკენ იწეოდა, კლუბი ფულის შოვნის წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ზაფხულში სერიოზული შეთავაზება არ მიუღიათ. ხვიჩისთვის ეს დარტყმა იყო. ახალ სეზონში მოედანზე აღარ იყო ის კვარაცხელია, რომელსაც თვალები ანთებული ჰქონდა. მარტში ხვიჩამ „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში, ბათუმის „დინამოში“ გაემგზავრა. ამ ზაფხულს ის მაინც აისრულებს ოცნებას, გაემგზავრება ევროპაში და „ნაპოლიში“ ითამაშებს“, – წერს გამოცემა.