ისტორიული მატჩი | უცნაური ჩემპიონატის უცნაური შეხვედრა - როგორ აჯობა პენალტებში „დინამომ“ მომავალ ჩემპიონ „არარატს“ #1TVSPORT

მატჩი, რომლის ვიდეოჩანაწერიც საქართველოს პირველი არხის არქივმა შემოინახა, 1973 წელს სსრკ ფეხბურთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გაიმართა. ჩემპიონატი 7 აპრილს დაიწყო და 2 ნოემბერს დასრულდა. სულ 16 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული ერევნის „არარატი“ გახდა, რომლისთვისაც ეს  პირველი ჩემპიონის ტიტული იყო. ვერცხლის მედალს კიევის „დინამო“ დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი მოსკოვის „დინამო“ გახდა.

სსრკ 35-ე საფეხბურთო ჩემპიონატი უცნაური სისტემით ჩატარდა. იმ შემთხვევაში, თუ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, გამარჯვებულს პენალტების სერია ავლენდა, სადაც გამარჯვებულს ერთი ქულა ერიცხებოდა, ხოლო დამარცხებულს – ნული.

იმ წელს თბილისის „დინამომ“ მომავალ ჩემპიონს, „არარატს“ 17 ივნისს, მე-12 ტურში „ლოკომოტივის“ (დღევანდელი „მიხეილ მესხი არენა“) სტადიონზე უმასპინძლა და დიდი უპირატესობისა და არაერთი საგოლე შანსის მიუხედავად, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა.

12 ტური, ჩემპიონატები სსრკ ჩემპიონატი


დინამო (თბილისი) – არარატი (ერევანი) 0:0 (4:3 პენალტების სერია)


17 ივნისი. 1973. თბილისი. „ლოკომოტივის“ სტადიონი. 40 000 მაყურებელი

მსაჯები: კ. ანძიულისი, კ. ბირეტა (ორივე – კაუნასი), ი. მულელისი (ვილნიუსი).

„დინამო“: დ. გოგია, რ. ძოძუაშვილი, პ. კანთელაძე, გ. პეტრიაშვილი, შ. ხინჩაგაშვილი, ვ. მჭედლიშვილი, მ. მაჩაიძე, კ. ასათიანი, ვ. გუცაევი, პ. რეხვიაშვილი (20. გ. გავაშელი), ზ. წერეთელი

„არარატი“: ა. აბრამიანი, ს. გევორქიანი, ა. სარგსიანი, ა. კოვალენკო, ნ. მესროპიანი, ნ. პეტროსიანი (46. ს. ბონდარენკო), ს. პოღოსიანი, ლ. იშტოიანი, ე. მარკაროვი, ო. ზანაზანიანი , ნ. კაზარიანი.


პენალტების სერია

1:0 კანთელაძე, 1:1 იშტოიანი, 2:1 გავაშელი, 2:2 პოღოსიანი, 3:2 მჭედლიშვილი. 3:3 მარკაროვი, 3:3 წერეთელი (მეკარე), 3:3 კოვალენკო (მეკარე), 3:3 ზანაზანიანი (მეკარე), 3:3 ასათიანი (ააცილა),4:3 ძოძუაშვილი, 4:3 კაზარიანი (მეკარე).


ფეხბურთელებმა პირველი სამი დარტყმა ზუსტად შეასრულეს, ამის შემდეგ გუნდები „აიჭრნენ“, 2-2 დარტყმა გააფუჭეს და „წავიდა“ პენალტები მოგებამდე – რევაზ ძოძუაშვილმა ზუსტად დაარტყა, ხოლო ნიკოლაი კაზარიანს (სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი 1992-1995) დავით გოგიამ აჯობა და თბილისელებს ქულა მოუტანა. „დინამოს“ მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა, მან ექვსიდან სამი დარტყმა მოიგერია და მატჩის გმირი გახდა.

იმ წელს თბილისის „დინამოს“ ტიტული არ მოუპოვებია და სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. თუმცა, სწორედ ამ დროს ყალიბდებოდა ბირთვი, რომელმაც ორ წელიწადში ნოდარ ახალკაცის (1973 წელს მწვრთნელი ალექსანდრე კოტრიკაძე იყო) ხელმძღვანელობით მწვერვალისკენ სვლა დაიწყო და ეპოქა შექმნა. 1973 წელს კი „დინამომ“ გაზეთ „სოვეტსკაია როსიას“ რედაქციის პრიზი დაიმსახურა – „გამარჯვებისკენ სწრაფვისთვის“, ხოლო გუნდის თავდამსხმელი ზურაბ წერეთელი სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო დებიუტანტად დაასახელეს.