უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლოა, დაუმუშავებელი მიწები ჩამოართვან
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლოა, დაუმუშავებელი მიწები ჩამოართვან

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასოფლო-სამეურნეო მიწას არ დაამუშავებს, მის მიმართ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.

დანელია არ გამორიცხავს, რომ ჯარიმის გარდა საუბარი იყოს მიწის გასხვისების ვალდებულებასა და ექსპროპრიაციაზეც (სახელმწიფოს მიერ ქონების ჩამორთმევა).

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონპროექტის ავტორის თქმით, საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.

„45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საკუთრებაშია. ჩვენ მათ დავავალდებულებთ, რომ ათვისებულ იქნას ეს მასივები. მოხდეს მიზნობრივი ათვისება სავარგულების, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი მოცდენილია“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ინიციატივა ნეგატიურად შეაფასა ბიზნესასოციაციის წარმომადგენელმა ნიკა ნანუაშვილმა.

როგორც ნინუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ნორმა შესაძლოა, არაკონსტიტუციური იყოს.