უჩა სოსიაშვილი - „სამგურალმა“ ხარვეზები სეზონის დაწყებამდე უნდა გამოასწოროს
უჩა სოსიაშვილი - „სამგურალმა“ ხარვეზები სეზონის დაწყებამდე უნდა გამოასწოროს

ყარაღანდის „შახტართან“ თურქულ შეკრებაზე ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ. „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა კომენტარი გააკეთა

ყარაღანდის „შახტარი“ ძალისმიერი ფეხბურთის მიმდევარია, ხისტი ბრძოლა გამოვიდა, თამაშის ხარისხი, კარგი იყო, მაგრამ, შედეგიდან გამომდინარე ბოლომდე კმაყოფილი ვერ ვიქნებით, როგორც „არდასთან“ წინა შეხვედრაში, აქაც მოსაგები თამაში გვქონდა, არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ კი ერთადერთი შანსი მიიღო და თამაშის ბოლოს გამათანაბრებელი გოლი გაიტანა“, – ამბობს უჩა სოსიაშვილი.

„სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა თურქულ შეკრებაზე ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდის მიზნებზე ილაპარაკა.

„კიდევ ოთხი საკონტროლო შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენი მიზანია, რომ გუნდმა ყოველი მატჩის შემდეგ მოუმატოს, როგორც ტექნიკურ-ტაქტიკური, ასევე ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით. დღევანდელი მატჩი, კარგი იყო ამ საფეხბურთო კომპონენტების გასაუმჯობესებლად. კარგი იქნებოდა მოგვეგო, თუმცა, ვიტყვი, რომ საკონტროლო მატჩები უპირველესად, ახალი სეზონისთვის გუნდის მომზადებას ემსახურება, უნდა ვიმუშაოთ და ის ხარვეზები, რაც დღევანდელ შეხვედაში იყო, მოკლე დროში გამოვასწოროთ, სეზონის სტარტს კარგ ფორმაში რომ შევხვდეთ“, – ამბობს სოსიაშვილი.