U21 | შოთა არველაძე - ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა #1TVSPORT
U21 | შოთა არველაძე - ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი შოთა არველაძე ევრო 2023-ზე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების თამაშს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

„საოცარი დღეები გვაქვს თბილისში, ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობასა და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ.

უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება. ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უკვე მეორე თამაშში, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ.

ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა. წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს“, – წერს შოთა არველაძე.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს 27 ივნისს ნიდერლანდებთან გამართავს. ორი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ოთხი ქულით პირველ ადგილზეა და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში გასასვლელად ბოლო ტურში ქულაც ჰყოფნის.