U21 | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქეთში დაიწყებს და ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მარტში დაიწყებს და სანაკრებო პაუზის პერიოდში, 17-დან 25 მარტის ჩათვლით, მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ანტალიაში ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს – უმცროსი „ჯვაროსნების“ პირველი მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფინეთის ნაკრები იქნება, მეორე კი სერბეთის ნაკრები.
ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრები პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების განრიგი:
11 ივნისი, ჟილინა | პოლონეთი – საქართველო
14 ივნისი, ჟილინა | საფრანგეთი – საქართველო
17 ივნისი, ტრენჩინი | საქართველო – პორტუგალია
თურქულ შეკრებაზე გასამართი მატჩების პირდაპირი ტრანსლაციებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ 2027 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატს შესარჩევი ციკლის წილისყრა 6 თებერვალს გაიმართება.