U21 | საქართველო ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა #1TVSPORT
U21 | საქართველო ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბათუმში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა წინა ორ ტურში თბილისში გიბრალტარი (2:0) და სტუმრად მოლდოვა (1:0) დაამარცხა. ნიდერლანელებმა კი მოლდოვასა (3:0) და ჩრდილოეთ მაკედონიას (2:0) მოუგეს და ახალგაზრდა „ჯვაროსნებთან“ ერთად ჯგუფის ლიდერები იყვნენ. ამგვარად, ბათუმში ლიდერების დაპირისპირება გაიმართა.

რამაზ სვანაძის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და საწყის წუთებში ანგარიშის გახსნის რეალური შანსები ჰქონდა. გიორგი კვერნაძეს, რომელიც ორ მცველში გაძვრა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, ნიდერლანდელთა მეკარემ აჯობა, შემდეგ გიორგი მაისურაძემ ბურთი ძელს მოარტყა.

ნიდერლანდელებმა რეალური საგოლე მომენტი ამის შემდეგ შექმნეს და პირველივე შანსით ისარგებლეს – „ბრიუგეს“ მცველმა ბიორნ მეიერმა 26-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში გახსნა. 45+2-ე წუთზე კი მანვე დუბლი შეასრულა და სტუმრებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.

რამაზ სვანაძემ თამაშის გადასარჩენად მეორე ნახევარში მოედანზე ლაშა ოდიშარია და ირაკლი ეგოიანი შეუშვა. თუმცა ჩვენმა გუნდმა მდგომარეობა ვერც მეორე ტაიმში გამოასწორა და მესამე გოლიც გაუშვა – ნიდერლანდელების შეტევა 57-ე წუთზე ლიეჟის „სტანდარტის“ თავდამსხმელმა, ნოა ოჰიომ დააგვირგვინა.

საბოლოოდ, ნიდერლანდელებმა 3:0 მოიგეს და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდნენ. საქართველოს ნაკრები კი ჯგუფში პირველი მარცხის შემდეგ ექვსი ქულით მეორე ადგილზე დარჩა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე 17 ოქტომბერს შვედეთის 21-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ გამართავს. ეს შეხვედრაც ბათუმში გაიმართება.


საქართველო – ნიდერლანდები 0:3


გოლები: 0:1 მეიერი (26. ჰანსენის პასით), 0:2 მეიერი (45+1. ჰანსენის პასით). 0:3 ოჰიო

საქართველო: ხარატიშვილი – გ. მამაგეიშვილი (46. ოდიშარია), მაისურაძე, ხვადაგიანი (კაპ), გოგლიჩიძე, მამაცაშვილი – ლ. გაგნიძე (70. მორჩილაძე), ლომინაძე, ოსიყმაშვილი (46. ეგოიანი), ო. მამაგეიშვილი (86. ოგბაიძე) – კვერნაძე (76. იობაშვილი).

სათადარიგოები: თანდილაშვილი – რუხაძე, ლაცაბიძე, ოდიშარია, ბაგრატიონი.

მწვთნელი: რამაზ სვანაძე

ნიდერლანდები: რაატიე – რენში, ფლამინგო (78. კასანვირჯო), ჰატო, მეიერი (55. სალაჰ-ედინი), პროპერი, ვან ბომელი (77. რეგეერი), ტეილორი – ჰანსენი (69. მანჰოფი), ოჰიო (69. პოკუ), ვან ბრედეროდე.

სათადარიგოები: ვან დე ჰეველი, ვან ბრეემენი, ფედე დე იონგი, ტვიგტი.

მწვრთნელი: მიხაელ რაიციგერი

გაფრთხილება: გოგლიჩიძე (35). მამაცაშვილი (40). ლომინაძე (90+3.)

არბიტრი: ალესანდრო დუდიჩი (შვეიცარია)