U21 | რამაზ სვანაძე - ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მიზანი ჩვენი იდენტობის წარმოჩენაა #1TVSPORT
U21 | რამაზ სვანაძე - ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მიზანი ჩვენი იდენტობის წარმოჩენაა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე გუნდის მზადყოფნასა და მოლოდინებზე ისაუბრა.

„საკმაოდ ნაყოფიერი ორკვირიანი შეკრება გამოვიდა, რომლის დროსაც კვიპროსთან (2:0) ამხანაგური მატჩიც ვითამაშეთ. დიდი ხანია, ამ ტურნირის დაწყებას ველოდებით. ორი წლის განმავლობაში ჩავატარეთ ამხანაგური მატჩები და გვაქვს მოტივაცია, რომ ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ. პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა თავისი სახე წარმოაჩინოს.

გეგმები შეგვიცვალა იმან, რომ ეროვნულისა და ახალგაზრდული ნაკრებების თამაშები ერთმანეთს დაემთხვა. გუნდში კარგი ვითარებაა, ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ შემოგვიერთდება. მათი დამატება თამაშის ხარისხს გააუმჯობესებს, ეს ბიჭები გამოცდილებას შეგვმატებენ, რაც ასეთი მაღალი დონის ტურნირზე ძალიან გვჭირდება.

პირველ ტურში ჩვენი მეტოქე პორტუგალიის ძლიერი გუნდია, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. პორტუგალია ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ყველასთვის ერთ-ერთი რთული მოწინააღმდეგეა. მიუხედავად ამისა, ვეცდებით, მიზანს მივაღწიოთ. ვიმეორებ – ჩვენი მთავარი მიზანი საკუთარი თავის და იდენტობის წარმოჩენაა“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას 21 ივნისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.