U21 | პორტუგალიური მედია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან წაგებას მწვავედ გამოეხმაურა #1TVSPORT
U21 | პორტუგალიური მედია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან წაგებას მწვავედ გამოეხმაურა #1TVSPORT

პორტუგალიური მედია ევრო 2023-ის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან წაგებას (0:2) მწვავედ გამოეხმაურა. ევროპის ვიცე-ჩემპიონი, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, პირველივე ტურში საქართველოს ნაკრებთან დამარცხდა, რომელსაც შარშან ამხანაგურ მატჩში 4:1 მოუგო.

პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა განსაკუთრებით ცენტრალური მცველი ტომას არაუხო გააკრიტიკეს, რომელიც ორივე გოლის დროს შეცდა, 76-ე წუთზე კი მოედნიდან გააძევეს.

Abola | დიდი სიურპრიზი ევრო 2023-ზე – პორტუგალია გახსნის მატჩში საქართველომ დაამარცხა

„პორტუგალიამ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და მასპინძელ საქართველოსთან 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში პორტუგალია ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ რეალური საგოლე შანსი ვერ შექმნა. საქართველოს ნაკრები საიმედოდ იცავდა თავს და ეფექტურად გადადიოდა კონტრშეტევებზე. 37-ე წუთზე გიორგი გაგუამ ტომას არაუხოს ორთაბრძოლა მოუგო და ზუსტად დაარტყა, ტაიმის ბოლოს კი საბა საზონოვის დარტყმით ანგარიში 2:0 გახდა.

მეორე ტაიმში პორტუგალიისგან ყველა სწრაფ რეაქციას ელოდა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი მოხდა. „დაუვიწყარი“ თამაში ჩაატარა ტომას არაუხომ, 76-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილი წააქცია და არბიტრმა მოედნიდან გააძევა, მანამდე ორივე გოლი მის შეცდომას მოჰყვა. პორტუგალია ჯგუფში ბოლო ადგილზეა და შაბათს ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება“.

Portugoal-ი | საქართველომ პორტუგალია დაცვაში უყურადღებობისთვის დასაჯა

„საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ორი ბურთით დაწინაურდა. მეორე ნახევარში პორტუგალიამ ვითარების შეცვლა სცადა, მაგრამ მეტოქის დაცვას, რომელიც უშეცდომოდ თამაშობდა, ვერაფერი მოუხერხა. დარჩენილ მატჩებში პორტუგალიას უკან დასახევი გზა აღარ აქვს და ვითარება უნდა გამოასწოროს.

მთავარი მწვრთნელი რუი ჟორჟეც აღიარებს, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა. ის არ არის პასუხისმგებელი დაცვის შეცდომებზე, არც არაუხოს წითელი ბარათია მისი ბრალი, მაგრამ 21-წლამდელების მწვრთნელმა წაგებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

თუ პორტუგალიას ჯგუფიდან გასვლა სურს, რუი ჟორჟესა და მის გუნდს დარჩენილ მატჩებში დაუყოვნებლივ მოუწევთ გამოსავლის მოძებნა“.