U21 | პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი - არ დავმალავ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა გაგვიხარდა #1TVSPORT
U21 | პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი - არ დავმალავ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა გაგვიხარდა #1TVSPORT

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუი ჟორჟემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და ევრო 2023-ის პირველ ტურში საქართველოსთან დაპირისპირებაზე და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.

„საქართველოში გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს, რისთვისაც მასპინძლებს მადლობას ვუხდი. საქართველოს ნაკრებს ვიცნობთ, ვიცით, რომ გუნდს ეროვნული გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაემატება.

არ დავმალავ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა გაგვიხარდა, რადგან მისი სახით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დიდი ძალა დააკლდება. თუმცა ჩვენც ვერ დაგვეხმარება რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ.

მაგალითად, შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ფაბიუ ვიეირა იყო, რომელიც ამჯერად გუნდში არ არის. ასევე ტრავმების გამო დაგვაკლდნენ ჟოაუ მარიუ, ტომას ესტევესი, ტიაგო ჯალო, ტომას ტავარესი და დავიდ და კოსტა. ამან ჩვენს გეგმებზე გავლენა მოახდინა.

ხვალინდელი შეხვედრა, ჩემი აზრით, იოლი არ იქნება. სასურველ შედეგს რაც შეეხება, ფრე ცუდი ვარიანტი არ იქნება.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები სხვადასხვა სტილის გუნდები არიან. ჩემი აზრით, ქართველები ფიზიკურად უკეთ არიან მზად, ჩვენ კი ტექნიკური კუთხით უნდა ვაჯობოთ მეტოქეს“, – განაცხადა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა.

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ხვალ, 21 ივნისს დაიწყება. პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.