ტყვიის მსროლელთა მეხუთე და მეოთხე ადგილი პარიზის გრან-პრიზე
ტყვიის მსროლელთა მეხუთე და მეოთხე ადგილი პარიზის გრან-პრიზე

პარიზში მიმდინარე გრან-პრიზე პნევმატური იარაღიდან სროლაში შერეულ წყვილთა შეჯიბრი გაიმართა. საქართველოს ნაკრებიდან სტარტზე სამი წყვილი გავიდა. მათგან ორმა ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
უფროსებიდან შეჯიბრში 2 წყვილი ჩაერთო. ნინო სალუქვაძემ და მისმა შვილმა, ცოტნე მაჭავარიანმა, საკვალიფიკაციოზე ჯამური 771 ქულით, 24 წყვილს შორის, საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ფინალში დედა-შვილმა 333.0 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა. შერეულ წყვილთა თანრიგში ეს მათი მეორე ასპარეზობა იყო.

ნინო ხუციბერიძისა და ლევან ქადაგიძის დუეტმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 761 ქულა დააგროვა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ახალგაზრდებში საკვალიფიკაციო რაუნდში ლიზი კილაძემ და აკაკი მოსულიშვილმა ჯამში 767 ქულა მოიპოვეს, რაც საუკეტესო შედეგი იყო. ფინალურ ეტაპზე წყვილმა ერთი წრე გაიარა და 365.9 ქულით ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

პარიზის გრან-პრი ხვალ დასრულდება. ბოლო შეჯიბრი პირად პირველობაში გაიმართება.