„ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ ჩინეთი ჰონკ-კონგში მიმდინარე აქციების დისკრედიტაციისთვის ყალბი ანგარიშების გამოყენებაში დაადანაშაულა
„ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ ჩინეთი ჰონკ-კონგში მიმდინარე აქციების დისკრედიტაციისთვის ყალბი ანგარიშების გამოყენებაში დაადანაშაულა

სოციალურმა ქსელებმა „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ ჩინეთი ჰონკ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციისთვის ყალბი ანგარიშების გამოყენებაში დაადანაშაულა. სოციალური ქსელების ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ გამოვლენილია ჩინეთიდან მართული მასშტაბური ონლაინ კამპანია, რომელიც მიმართულია ჰონკ-კონგში მიმდინარე დემონსტრაციების რეპუტაციის შელახვისკენ.

როგორც „ტვიტერის“ წარმომადგენელთა განცხადებაშია აღნიშნული, ინტენსიური შიდა გამოძიების შედეგად გამოვლენილია 936 ანგარიში, რომლებიც გამოიყენებოდა ჩინეთის მიერ ჰონკ-კონგში პოლიტიკური შუღლის გაღვივებისთვის საპროტესტო გამოსვლებისა და დემონსტრანტების ძირითადი პოლიტიკური მოთხოვნების კანონიერების ეჭვქვეშ დაყენების გზით.

„ჩვენ გამოვავლინეთ მასშტაბური საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც ხორციელდებოდა ჩინეთის ტერიტორიიდან სახელმწიფო მხარდაჭერით“, – ნათქვამია „ტვიტერის“ განცხადებაში.

მოგვიანებით, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული გარკვეული ანგარიშების წაშლის შესახებ „ფეისბუქმაც“ განაცხადა. კერძოდ, სოციალურმა ქსელმა წაშალა ხუთი ანგარიში, შვიდი გვერდი და სამი ჯგუფი.

ამავე დღეს, კომპანია „ტვიტერმა“ განაცხადა, რომ მომხმარებელთა გვერდებზე სახელმწიფო მედიასაშუალებების რეკლამას აღარ განათავსებს. მოქალაქეების გადასახადებით დაფინანსებულ საზოგადოებრივ მედიასაშუალებებს ეს გადაწყვეტილება არ შეეხება.

დატოვე კომენტარი