თუშიშვილის პირველი გამარჯვება მსოფლიო პირველობაზე - სომხიშვილი ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს, მედლების მოსაპოვებლად მძიმეწონოსნები – გურამ თუშიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78) გამოვიდნენ.

თუშიშვილმა ტურნირზე პირველი წრე გამოტოვა. მეორე წრეში გურამი სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს შეხვდა და მეტოქე შებოჭვით დაამარცხა. მერვედფინალში თუშიშვილი გერმანელ ფრეის დაუპირისპირდება.

მსოფლიო პირველობაზე გამომსვლელი მეორე ძიუდოისტი, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) პირველივე შეხვედრაში ოლიმპიურ (2012) და მსოფლიოს ორგზის (2013, 2014) ჩემპიონ, კუბელ იდალის ორტიზსთან დამარცხდა და შეჯიბრს დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ, ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) დაიკავეს.