თუშიშვილს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, სპორტსმენი აცხადებს, რომ მისთვის ეს მოულოდნელია
თუშიშვილს ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, სპორტსმენი აცხადებს, რომ მისთვის ეს მოულოდნელია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილი თბილისის გრანპრიზე ვერ იჭიდავებს.

ამის მიზეზი გახდა ქართველი სპორტსმენის მონაწილეობა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით, ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა.

თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა 25 მარტიდან დაიწყება.

თავად სპორტსმენი აცხადებს, რომ ამ აკრძალვის შესახებ ის ინფორმირებული არ იყო.

„მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოება, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მე აქამდეც მრავალჯერ მიმიღია მონაწილეობა ყაზახურ ჭიდაობაში, ეს ფაქტი ცნობილი იყო როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციისათვის, ასევე ქართველი გულშემატკივრისთვის. მე არ ვიყავი ინფორმირებული ამ აკრძალვის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მივაყენებდი ზიანს ჩემს სპორტულ კარიერას. ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო“, – აცხადებს გურამ თუშიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით.