თურქული გემი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში სეისმურ კვლევას ჩაატარებს
თურქული გემი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში სეისმურ კვლევას ჩაატარებს

თურქული გემი „ორუჯ რეისი“ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში სეისმურ კვლევას ჩაატარებს. „როიტერის“ ინფორმაციით, თურქული ხომალდი საბერძნეთის კუნძულ კასტელორიზოს სამხრეთით მომდევნო ათი დღის განმავლობაში იქნება კვლევით მისიაში, რაც საბერძნეთთან სავარაუდოდ დაძაბულობას ისევ გაზრდის.

„ორუჯ რეისთან“ ერთად, მისიაში ასევე ჩაერთვება კიდევ ორი თურქული ხომალდი „ატამანი“ და „ჩინგიზ ხანი“. კვლევითი ოპერაცია 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

რეგიონში ნახშირწყალბადების რესურსების ირგვლივ თურქეთსა და საბერძნეთს შორის უთანხმოებაა. გასულ კვირას თურქეთისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ დავებზე ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. გასულ თვეში, ევროკავშირის სამიტის წინ ანკარამ „ორუჯ რეისი“ სადავო წყლებიდან გამოიყვანა. სამიტის დასრულების შემდეგ, ევროპული ბლოკი, კვლევითი მისიის გაგრძელების შემთხვევაში, თურქეთს სანქციებით დაემუქრა.