თურქული გამოცემა - ვატო არველაძის დამატება „მემენემსპორს“ სურს #1TVSPORT
თურქული გამოცემა - ვატო არველაძის დამატება „მემენემსპორს“ სურს #1TVSPORT

23 წლის ქართველი თავდამსხმელი ვატო არველაძე მალე კლუბს შეიცვლის და თურქეთის პირველი ლიგის „მენემენ ბელედიესპორში“ გადავა – ინფორმაციას თურქული გამოცემა „ფანატიკი“ ავრცელებს,

წერილში „ვატო არველაძის დამატება „მემენემსპორს“ სურს“ ვკითხულობთ, რომ „მენემენ ბელედიესპორი“ ქართველი თავდამსხმელის ამჟამინდელ კლუბს, „ფატიჰ კარაგიუმრუკს“ და თავად მოთამაშეს შეუთანხმდა.

„გუნდის ხელმძღვანელობამ ქართველი თავდამსხმელის გადასაყვანად მოლაპარაკება დაიწყო. ვატო არველაძემ სუპერლიგის „ფატიჰ კარაგიუმრუკში“ თამაშის დიდი შანსი ვერ მიიღო. „მემენემსპორის“ ხელმძღვანელობამ კლუბისა და მოთამაშისგან დადებითი პასუხი მიიღო. შოთა არველაძის ძმისშვილმა მიმდინარე სეზონში „კარაგიუმრუკში“ 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, 23 წლის ფეხბურთელმა ორჯერ ითამაშა საქართველოს ნაკრებში“, – წერს გამოცემა.

ფანატიკის“ ცნობით, ახლა პრობლემა მხოლოდ კლუბისთვის ფიფა-ს მიერ დაწესებული სატრანსფერო შეზღუდვებია.

„კლუბის ადმინისტრაცია ნიგერიულ კლუბს აკანბუ რაშიდის ტრანსფერისთვის დაგვიანებულ თანხას ფიფა-ს მეშვეობით 160 ათას ევროს გადაუხდის და სატრანსფერო სეზონს გახსნის. ვატო არველაძეს კი სატრანსფერო შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიმატებენ“.

მენემენ ბელედიესპორი“ თურქეთის პირველ ლიგაში გამოდის და საშემოდგომო ეტაპზე გამართული 19 ტურის შემდეგ, 22 ქულით მე-14 ადგილზეა. გუნდი ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ „დენიზლისპორს“ მხოლოდ სამი ქულით ასწრებს და სეზონის განახლებისას ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად რთული მატჩები ელის და გუნდის ხელმძღვანელობა გაძლიერებას აპირებს.