თურქი ჟურნალისტი - „გალათასარაი“ 22 მილიონ ევროს იხდის, მაგრამ პრობლემა მიქაუტაძეა, ის წელიწადში ხუთ მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT
თურქი ჟურნალისტი - „გალათასარაი“ 22 მილიონ ევროს იხდის, მაგრამ პრობლემა მიქაუტაძეა, ის წელიწადში ხუთ მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT

„გალათასარაი“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე თითქმის უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა და საბოლოოდ „ლიონი“ ტრანსფერის აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ თურქულ კლუბს მოულოდნელი პრობლემა თავად მიქაუტაძისგან შეექმნა – ამის შესახებ Youtube-ის არხზე, გადაცემა Football Arena-ზე რეპორტიორმა, ალი ნაჩი კუჩუკმა ისაუბრა.

„გიორგი მიქაუტაძეს „გალათასარაიმ“ კლუბის ისტორიაში რეკორდული შეთავაზებით მიმართა. 22 მილიონი ევრო – 20 მილიონი წმინდა თანხა, პლუს 2 მილიონი ბონუსების სახით. ვფიქრობ, ეს ტრანსფერი დასრულების ზღვარზეა.

მაგრამ მთავარი პრობლემა მიქაუტაძეა. მან წელიწადში ხელფასის სახით ხუთი მილიონი ევრო მოითხოვა. ამ დროს ქართველი თავდამსხმელი „ლიონში“ 2 მილიონ ევროდ თამაშობს. თუკი მიქაუტაძე დათმობაზე არ წავა, „გალათასარაი” „რენის“ თავდამსხმელზე, ამინ გიურის ტრანსფერზე გადაერთვება.

რატომ ხდება ასე? ამაში „გალათასარაის“ ხელმძღვანელობაც არის დამნაშავე. ისეთი ფეხბურთელების მიწვევით, როგორებიც არიან ოსიმენი, იკარდი, გაბრიელ სარა, ზიეჩი კლუბმა თამასა მაღლა ასწია. ამიტომაც მენეჯერებმა თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს. ამიტომ ვამბობ, რომ „გალათასარაის“ ხელმძღვანელობამ შეცდომა დაუშვა“, – ამბობს თურქი ჟურნალისტი.