თურქეთში სტამბოლის ახალი არხის მშენებლობა დღეს იწყება
თურქეთში სტამბოლის ახალი არხის მშენებლობა დღეს იწყება

თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლება დღეს, 26 ივნისს იწყებს სტამბოლის ახალი არხის მშენებლობას, რომელიც შავსა და მარმარილოს ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

მედიის ცნობით, მეგაპროექტის დაწყების ცერემონიალში პირადად პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს მონაწილეობას და ამ არხზე დაგეგმილი ექვსი ხიდიდან ერთ-ერთის მშენებლობაში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.

ახალი არხის სიგრძე 45 კილომეტრი, სიგანე სულ მცირე 265 მეტრი, ხოლო სიღრმე დაახლოებით 21 მეტრი იქნება. მისი დღიური გამტარუნარიანობა 185 ერთეულ ხომალდს შეადგენს.

არხის ორივე მხარეს დასახლებები შეიქმნება, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი იცხოვრებს. ეს პროექტი თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში უდიდესი ინფრასტრუქტურული ინიციატივა იქნება.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, პროექტის ღირებულება 13 მილიარდი აშშ დოლარია, რომლის ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ადგილობრივ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სატრანზიტო გადასახადებიდან ახალი არხი წელიწადში დაახლოებით რვა მილიარდ აშშ დოლარს გამოიმუშავებს.

დატოვე კომენტარი