თურქეთში სამივე ქართველმა ითამაშა - ლობჟანიძე გუნდს საგოლე გადაცემით დაეხმარა (ვიდეო)

თურქეთის სუპერლიგაში მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა და ლიგის გუნდებში გადასულმა სამივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჯუმ“ თამაში აშკარად გამოასწორა და ამჯერად „მალათიასპორი“ დაამარცხა 3:1. საქართველოს ნაკრების შემტევის გუნდი 2:0 დაწინაურდა. მერე კი მეტოქემ ანგარიში შეამცირა და წონასწორობის აღდგენას ცდილობდა. გადამწყვეტი გოლი მასპინძლებმა 88-ე წუთზე გაიტანეს. საგოლე გადაცემა კი საბა ლობჟანიძემ შეასრულა.

ლევან შენგელია „კონიასპორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და „ჰატაისპორის“ წინააღმდეგ ითამაშა. მისმა გუნდმა თამაში გასვლაზე ჩაატარა და 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 77-ე წუთზე შეცვალეს.

მოედანზე გამოჩნდა ვატო არველაძეც, რომლის გუნდმა, „ფატიჰ კარაგუმრუქმა“ საშინაო მატჩი ვიცე-ჩემპიონ „ტრაბზონთან“ 1:2 დათმო. 22 წლის ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ 35-ე წუთზე გუნდის კაპიტანი, ტრავმირებული ლუკას ბილია შეცვალა.

16 ტურის შემდეგ „ფატიჰ კარაგუმრუქი“ (21 ქულა) მერვე ადგილზეა, „კონიასპორი“ (19 ქულა) – მეთორმეტეზე, ხოლო „ანკარაგუჯუ“ (15 ქულა) – მეთვრამეტეზე.